შარლოტა კვანტალიანი - პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ფოლკლორისტი; უნივერსიტეტის დოცენტი; ჟურნალისტი, ,,კალმასობის’’ მთავარი რედაქტორი; არაერთი გამოკვლევისა და ლექსთა კრებულის ავტორი... სამი შვილის დედა. |
|
თავნება პეპელა
ვუძღვნი დედას ელას ლექსის გამო პეპელა-ლელა სახლიდან გარბის პეპელა-ელასა და ლელეას ამბავი ტოროლამ თვალი გაახილა თუ არა, პატარა ოქროს ზარები ჩამოიკონწიალა ყელზე და წკრიალ-წკრიალით აფრინდა ცაში. იმდენი იწკრიალა, სანამ მთელი ეზო არ გააღვიძა. - გააჭირა საქმე, - თქვა ჭრიჭინა ინამ, რომელიც მთელი ღამე შეუსვენებლად ჭრიჭინებდა. ორი ციცინათელა, ნათია და ციცი, სამორიგეოდან ბრუნდებოდნენ. ფარნები ჩაექროთ და მთქნარებით მოდიოდნენ. ქრიზანთემების უბნის მცხოვრებლებმა სთხოვეს, ბნელ უბანში, სადაც ობობები, ბუზები და ტარაკნები ცხოვრობდნენ, რიგრიგობით ეყარაულათ, რომ ბოროტ ობობას თავის ბადეში რომელიმე მწერი არ გაეხვია. ობობა-ბიბა განსაკუთრებით კოხტაპრუწა და ქარაფშუტა პეპელა-ლელას ემტერებოდა. პეპელა სულ დასცინოდა, - დაჯღანულოვო, დაბრეცილოვო, გაბერილოვო, - რას აღარ უძახდა. ჰოდა, გამწარდა ბიჭი, სახალხოდ დაემუქრა, შენ თუ ცრემლები არ გაღვრევინო, ობობა-ბობა არ ვიყოვო. ლელა კი ისეთი თავისნათქვამა და ჯიუტი იყო, ზუსტად იმას აკეთებდა, რასაც უშლიდნენ, გააწამა, საწყალი დედამისი, პეპელა-პელო. დაღამდებოდა თუ არა, ყველა პეპელა, როგორც წესი, ხატულა, ლამაზ კაბებს იხდიდა და იძინებდა, პეპელა-ლელა კი მაშინ იწყებდა მორთვა-მოკაზმვას, შეიღებებოდა, დაიდღაბნებოდა, თმებს გაიშლიდა, უზარმაზარ საყურეებს ჩამოიკიდებდა, ჭრელ კაბას ჩაიცვამდა, პირში საღეჭ რეზინს ჩაიდებდა და გაფრინდებოდა. ამ დროს ისეთი სანახავი იყო, ობობა-ბობსაც კი გული გაუსკდებოდა, უცებ რომ შეფეთებოდა, მაგრამ ბობამ იცოდა, რომ ქრიზანთემების უბანში მხოლოდ ლამაზ ლელას შეეძლო ისე ჩაეცვა, რომ საფრთხობელას დამსგავსებოდა. ლელას უმცროსი დაიკო - ელა, ლექსებს წერდა. პეპელა-ელა ჩუმი და მოკრძალებული გოგონა იყო. ძალიან ეცოდებოდა თავისი დედიკო - პეპელა-პელო, რომელსაც ლელა ყოველდღე აწვალებდა. დედას ეფერებოდა, საქმის გაკეთებაში ეხმარებოდა: ოთახს დაგვიდა, თეფშებს დარეცხავდა, თავის საწერ მაფგიდას და სათამაშოებს დაალაგებდა, მერე სადმე ფოთლის ქვეშ მოკალათდებოდა და ლექსებს წერდა. ძილისგუდა ლელა კი ან ტელევიზორს უყურებდა, ან ტელეფინზე ლაპარაკობდა. ელასაც დასცინოდა, ”გიჟპოეტას” ეძახდა. ქვეყნად თავისზე ლამაზი და ჭკვიანი არავინ ეგონა. ელამ, ერთხელ, ჭადრის ფოთოლზე ლექსი წაუწერა და მძინარეს ბელიშის ქვეშ ამოუდო. ლელას ეს ლექსი არც უნახავს, რადგან თავის ლოგინსაც კი არ ალაგებდა. მაშინ ელამ სარკის წინ დაუდო ეს ლექსი, ლექსში ეწერა: მაგ ჭყეტელა კაბამ ტანი აგიჭრელა, პეპელა ხარ ნაზი, თუ ხარ საფრთხობელა? ნუთუ სიჯიუტემ თვალი დაგიბნელა? ნუ აწვალებ დედას, ძილისგუდა ლელა!... ლელამ ჭადრის ფოთოლი გაღვიძებისთანავე შეამჩნია, რადგან მაშინვე სარკესთან მივიდა. ლექსი წაიკითხა, წაიკითხა და ისეთი წივილ-კივილი ატეხა, რომ ქრიზანთემების მთელი უბანი პელოს სახლში მოგროვდა,- რა ხდებაო. ლელა ჭადრის ფოთოლს დააფრიალებდა, - ახლავე აქ მომყვანეთ ის ”გიჟპოეტა”, რომ მართლა თვალები დავუბნელოო. მეზობლები აწყნარებდნენ, - ასეთი რა დაწერაო. გამოართვეს ჭადრის ფოთოლი და წაიკითხეს. ხელიდან ხელში გადადიოდა ფოთოლი და მთელი უბანი უცებ მოიარა. - ეს რა კარგი გოგო ყოფილა ელო, როგორი ჭკვიანი და ნიჭიერიო, - ფიქრობდნენ ჭიამაები, კალიები და ციცინათელები. ბუზებმა ობობა-ბობოსაც მიუტანეს ლექსი. ბობამ იმდენი იცინა და ისე ხტოდა თავის მოქსოვილ ჰამაკში, რომ სულ დაავიწყდა ძაფები, თან იძახდა: ,,პეპელა ხარ ნაზი, თუ ხარ საფრთხობელა"... ეს ადგილი ყველაზე მეტად მოეწონა ბობას. ქრიზანთემების უბანში ცოტა ხანში ყველამ ზეპირად იცოდა ეს ლექსი. კალიებმა ვიოლინოზეც კი ააწრიპინეს: ,,მაგ ჭყეტელა კაბამ ტანი აგიჭრელა"... კალიებს ჭყეტელა კაბა აღიზიანბდათ, რადგან თვითონ, გიმნაზიელებივით, მუდამ ერთფეროვანი და სადა ტანსაცმელი ეცვათ. ჭიამაები. სულ დედის ძებნაში რომ იყვნენ, ძალზე ააღელვათ ლექსის ბოლო სტრიქონებმა და თვალცრემლიანები ჩურჩულებდნენ: ,,ნუ აწვალებ დედას ძილისგუდა ლელა"... ერთი სიტყვით, პეპელა-ელას და პეპელა-ლელას ამბავი ქრიზათემების უბანში ყველას პირზე ეკერა. პეპელა-ელა ფოთლის ქვეშ გატრუნულიყო, კეთილი გოგო უკვე კიდეც ნანობდა, რომ ასე გააბრაზა საყვარელი დაიკო, ნანობდა, რომ მთელ ქვეყანას მოსდო მისი ნაკლი. თუმცა ლელას ამბავი ისედაც იცოდა მთელმა უბანმა. ამასობაში კი პეპელა-ლელა კვლავ ბობოქრობდა. ელას ყველა კაბა დაგლიჯა და გადაყარა. პელოც გალანძღა - ჩამორჩენილები ხართო, თანამედროვე ცხოვრების არაფერი გაგეგებათო. გყავდეს ეგ შენი ”გოიმი” შვილი და ვნახოთ, უჩემოდ როგორ გაძლებთო. ჩაილაგა ჩანთაში კაბები, სამკაული, საღებავები და გაფრინდა. გულწასული პეპელა-პელო ისევ ელამ მოასულიერა. დაამშვიდა, ნუ გეშინია, მოშივდება, კაბების გარეცხვა დასჭირდება და მოვა, საჭმლის გაკეთება მაგან არ იცის და რეცხვაო. ელა გულდაწყვეტილი იყო, რადგან ერთადერთი ყვითელი კაბის ამარა დარჩა, ზედ რომ ეცვა. ამასობაში დაღამდა. მთვარის ბუშტი გაბერა ღამემ და ღრუბელს დააკავებინა ხელში. ციცინათელები - ნათია და ციცი კვლავ ბობას აბლაბუდისკენ გაფრინდნენ, რომ მწერებისთვის შუქნიშნების მაგივრობა გაეწიათ. პელომ და ელამ ვახშამს პირი არ დააკარეს. ლელას მოუთმენლად ელოდნენ, მაგრამ, ამაოდ. პეპელა-ლელა იმ ღამეს სახლში არ დაბრუნებულა. პეპელა-ლელას ღამის მოგზაურობა გაბრაზებული პეპელა-ლელა უმისამართოდ მიფრინავდა. არც მეგობრები ჰყავდა, რომ მათთან შეეფარებინა თავი. ქრიზანტემების უბანს გასცდა. უცებ ყურთან ვიღაცამ გაუწივლა და მიხვდა, რომ ჭინჭრების უბანში, კოღოებთან იმყოფებოდა. ძალზედ ნესტიანი უბანი იყო და უცებ შესცივდა. თანაც, ეს წიკვინა, კბენია კოღოები არ უყვარდა. არ დამინახონო,- ფოთოლს ამოეფარა. შორს ნანგრევებს მოჰკრა თვალი. იქით წაფარფატდა, სიცივეს თავს ავარიდებო. ნანგრევები ღამურების დასახლება ყოფილიყო. უამრავი ღამურა ირეოდა, იდგა ერთი წრიპინი და ფრთების ფათქუნი. - მოდურად ჩაცმული თაგვები არიან, ჩიტები კი არაო, - თავისთვის ჩაიჩურჩულა. საერთოდ, უყვარდა სხვების დაცინვა და გაქილიკება. პეპელა-ლელამ მყუდრო კუნჭული იპოვა და იქ მოკალათდა, თან ნანგრევებს ათვალიერებდა. ღამურას სამი ბარტყი დახუჭობანას თამაშობდა. - მოდი, ახლა შენ გაითვალე, - უთხრეს ღამურებმა ყველაზე პატარა ღამურას. მანაც ენის მოჩლექით დაიწყო: ჩიკა-ჩიკა მალულა, ტყიდან გამოპარულა, დაიჭირა ღამურამ, შეხტა შეა-ხრა-მუ-ნა. პეპელა-ლელას შიშისაგან ტანში გააცია, - რომ დამინახონ, ერთ ლუკმად არ ვეყოფი, მაშინვე გადამყლაპავენო. ამ დროს ნანგრევებში ჭორიკანა ღამურა-რამუნა შემოფრინდა. - გაიგეთ? გაიგეთ? პეპელა-ლელა დაკარგულა, პეპელა-ლელა სახლიდან გაქცეულა - წრიპინებდა რამუნა. ღამურებმა შეკითხვები დააყარეს, - საიდან გაიგეო? - ჭოტებთან ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდით და ”ტყის მოამბეში” გამოაცხადეს, პეპელა-ლელა სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა, დედამისი და დაიკო ეძებენ და თუ ვინმე ნახავთ, აუცილებლად შეგვატყობინეთო. პატარა ღამურებმა ტაში შემოჰკრეს და მხიარულად ჩამომარცვლეს: ჩიკა-ჩიკა მალულა, ლელა გამოპარულა, დაიჭირა რამურამ, შეხტა შ ე ა ხ რ ა მ უ ნ ა ა ა ა... პეპელა-ლელა შიშისაგან მთლად დაპატარავდა, ძლივს სუნთქავდა, ნატრობდა, - ნეტავ ახლა გადავრჩე და გათენდება თუ არა, მაშინვე, სახლში გავფრინდებიო. ამ სატანჯველში დრო ნელა მიიზლაზნებოდა. როგორც იქნა, ირიჟრაჟა. დაღლილი ღამურები გამოქვაბულის ნაპრალებში შეძვრნენ, ზოგი კედელს აეკრა და ჩაეძინა, ლელა კი ფრთხილად გამოფრინდა ნანგრევებიდან და სახლისკენ გასწია. ლელა სახლში ბრუნდება პეპელა-ლელა ჩუმათ მიუახლოვდა სახლს, ბრაზს ჯერ კიდევ არ გაევლო, ღამურები რომ არა, არც აპირებდა დედასთან დბრუნებას; მაგრამ ამ ღამეს დარწმუნდა, მარტო ცხოვრება გაუჭირდებოდა. პეპელა-პელომ მაშინვე იგრძნო შვილის დაბრუნება და გაეგება, გულში ჩაიკრა და დაკოცნა თავისი თავნება გოგონა. კეთილი ელაც შეეგება თავის დაიკოს, - შენი წყენინება სულაც არ მინდოდა, - უთხრა ელამ. პეპელა-ლელას ძალიან შიოდა, ჭინჭრების უბანში პეპელას საკადრისი საჭმელი არ იყო; თანაც ეძინებოდა, ღამურების შიშით მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ჰოდა, ჯერ გემრიელად ისადილა, მერე კი ფუმფულა საბანში ჩაწვა და მაშინვე ჩაეძინა. ლელა უცნაურ სიზმრებს ნახულობდა ხოლმე. ახლაც, ბალიშზე თავის დადება ძლივს მოასწრო, რომ მისი სიზმრის ბუშტი გაიბერა, გაიბრეა და ლელა სადღაც შორს გაიტაცა. მიფრინავს ლელა ვარსკვლვთა შორის; ერთ ღრუბელზე, თეთრმაქმანებიან საბანში მძინარე მზეც დაინახა, მხიარულ, გაბერილ მთვარსაც გამოელაპარაკა: ბატონო მთვარევ, ხან ასეთი მსუქანი ბრძანდებით, ხან კიდევ ჩხირივით გამხდარი, რატომ ხდება ასე, ამიხსენითო. მთვარე კარგ გახიათზე იყო და მაშინვე მიუგო: - ერთი თავნება და მეტიჩარა ვარსკვლავი შემიყვარდა, მთლი თვე სარკესთან დგას და იპრანჭება, სანამ ცაზე გამობრძანდება, მეც მთელი თვე იმის ლოდინში ძაფივით გავწვრილდები ხოლმე; დარდითა და ბრაზით გული მიმდის, მაგრამ გამოჩნდება თუ არა, ყველაფერი მავიწყდება, ისევ ვივსები და ბურთს ვემსგავსებიო. პეპელა-ლელას აინტერესებდა, როგორი იყო ის ვარსკვლავი, ნეტა ჩემზე ლამაზი თუ არისო, და შეყვარებული მთვარეს ჰკითხა: - ასეთი მხიარული რომ ბრძანდებით, ის ვარსკვლავი ხომ არ გამოჩენილაო? - კიო, - დაიმორცხვა მთვარემ და ჩრდილოეთისკენ დაიხედა. პაწაწინა ვარსკვლევი, დიდ წამწამებს რომ ახამხამებდა, მაშინვე ღრუბლის ეტლში ჩასკუპდა და კარი მოიხურა. პეპელა-ლელას ძალიან მოეწონა ვარსკვლავის საქციელი, მე რომ ვინმეს ვუყვარდე, ერთ თვეს კი არა, სამ თვეს ვაწვალებდიო, - გაიფიქრა. - საით მიბრძანდებით, ქალბატონო ლელაო? - ახლა მთვარემ ჰკითხა. - მეო, - უასუხა პეპელამ, - ქრიზანთემების უბანში ყველაზე ლამაზი გოგო ვარ, მაგრამ მინდა, მთელ ქვეყანაზე არავინ მჯობდეს და სილამაზის ჯადოსნური კაბის საძებნელად მივდივარო. - ლექსები თუ გიყვარსო, - დაინტერესდა ღამის მბრძანებელი. - არაო, - უცებ წამოსცდა ლელას, ბრაზიანი ლექსები არ მივარსო (ხომ გახსოვთ, ლექსის გამო გაიქცა სახლიდან და აბა ლექსები როგორ ეყვარებოდა?!). - მე ერთ ლექსს გასწავლი, მეორე ცაზე რომ გადაფრინდები, იქ ჩემი ძმა დაგხვდება და, თუ ეს ლექსი არ უთხარი, თავის სამფლობელოზე არ გაგატარებს, ჯადოსნურ კაბასაც ვერ იპოვიო. - კარგი, მასწავლეო, - უგემურად დაეთანხმა ლელა. - ”მზე დედაა ჩემი, მთვარე მამაჩემი, მოციმციმე ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი”. - მთვარემ ისევ თავის ვარსკვლავს გადახედა - ნახე, როგორი კარგი ბიჭი ვარო. ლელას ლექსი მოეწონა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა, - ამისთანას მეც კი დავწერო, - ჩაიჩურჩულა და მთვარეს საჩქაროდ გამოეთხოვა, ე, მანდ კიდევ ლექსი არ მასწავლოსო... თუმცა, ძალზე ნიჭიერი იყო და ლექსი მაშინვე დაიმახსოვრა. მეორე ცასთან რომ მიფრინდა, მართლა დახვდა იქ მთვარე და ჰკითხა, - ლექსი თუ იციო? ჯერ ჯადოსნური კაბა მომეცი და ლექსებს მერე გეტყვიო, - თავხედურად მიუგო ლელამ. მთვარე მოხუცი და კეთილი იყო, არც კი სწყენია პეპელას ქარაფშუტობა - ჯერ ბავშვია, გაიზრდება და დაჭკვიანდებაო, სტუმარი კი სახლში მიიწვია, ჯადოსნურ კაბას გაჩვენებო. - ლელა, ლელა, გაიღვიძე, კალიამ მოსაწვევი ბარათი მოგვიტანა, - ჩაესმა მთვარესთან სტუმრად მყოფ პეპელას დის ხმა და სიზმარი გაქრა. - სულ შენი ბრალია, სულ შენი ბრალია, რომ ჯადოსნური კაბის წამოღება ვერ მოვასწარი - გაბრაზებული ლელა თმებში სწვდა ელას. ელამ პელოს დაუძახა და დედიკო-პელომ ძლივს გააშველა აწივლებული დაიკოები. ატირებული ელა ცისფერი ქრიზანთემის ფოთოლზე ჩამოჯდა, რომ სევდიანი ლექსები ეწერა. ლელა კი სარკის წინ დასკუპდა, რომ გამოპრანჭულიყო და საღამოს კინოში წასულიყო, სადაც ფილმი ”ბუზ ცეცეს შურისძიება” გადიოდა. უცებ მწვანე მოსაწვევი ბარათი შეამჩნია. ბარათი გაშალა და წაიკითხა: ქრიზანთემების უბნის გოგონებო! გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში - ”სილამაზის დედოფალი 2003”, რომელიც ჩატარდება ხვალ, შუადღისას, თეთრი ქრიზანთემების სასახლეში. სილამაზის დედოფლის გამოსავლენად გოგონები უნდა შეეჯიბრონ ერთმანეთს: ა) ლექსების თქმაში ბ) სიმღერაში გ) კერძის მომზადებაში დ) ჩაცმულობაში ე) გარეგნულ სილამაზეში. გამარჯვებულს მიეცემა პეპლანდიის საგზური და მისი სურათი დაიბეჭდება ჟურნალ ”დილაში”. ლელა უცებ მოხასითდა - ნახეთ, სილამაზის დედოფალი რომ გავხდები, ზედაც აღარავის შევხედავ, სამოგზაუროდ წავალ და მთელი წელიწადი ხოჭოებშებმული ეტლითაც ვისეირნებო. მერე სიზმარი გაახსენდა და თქვა: ალბათ, გამარჯვების მიმანიშნებელი იყო ჩემი ცაში მოგზაურობაო. ლელა კონკურსისთვის ემზადება ტოროლამ დაიწკრიალა თუ არა, პეპელა-ლელა ფეხზე წამოხტა. პირველი შემთხვევა იყო, რომ ასე ადრე გაიღვიძა. - დედა, დედა, კაბა გამიუთოვე! - დაუძახა დედას და გაუკვირდა, რომ პელო მაშინვე არ გამოეპასუხა. სამაგიეროდ, ელა გამოვიდა დედის ოთახიდან და ლელა გააჩუმა. - დედა ცუდად გახდა წუხელ, წარამარა რომ ანერვიულებ, გული ტკიოდა მთელი ღამე. ფუტკარი უტა გამოვიძახე, ნემსები გაუკეთა, პიტნის ნაყენი დაალევინა და ახლა ჩაეძინაო. - აბა, მე კაბას ვინ დამიუთოვებსო?! - იკითხა მწარედ ლელამ. - კაბას მე დაგიუთოვებ, ოღონდ დედასთან შედი, მოეფერე, ბოდიში მოუხადე და ტკბილად დაელაპარაკე, ექიმმა უტამ თქვა, სიმშვიდე და მოფერება ყველაზე კარგი წამალია ავადმყოფისთვისო. - სულელი ყოფილა უტა-ექიმი, მოფერება რა წამალია!... მე კონკურსზე მივდივარ და ფერებისთვის არ მცალიაო,- ჩაილაპარაკა ლელამ. გული დაწყდა ელას, ეს რა შეუბრალებელი დაიკო მყავს, როგორი უგულო და თავნებაო, ლელას კი უთხრა: - რაკი ასეთი ჯიუტი და თავქარიანი ხარ, კაბაც თვითნ გაიუთოვე, საუზმეც შენით მოიმზადე და ღმერთმა ხელი მოგიმართოს, სადაც გნებავს, წაბრძანდი, ოღონდ იცოდე, შენნაირ უსაქმურს დედოფლად არავინ აირჩევს. ლამაზი ის არის, ვისაც კეთილი გული აქვს და ვისაც დიდი სიყვარული შეუძლია. რაღა უნდა ექნა პეპელა-ლელას, რის ვაი-ვაგლახით გაიუთოვა კაბა, აწყვეტილი ღილი უადგილო ადგილას მიაკერა, მერე ერთი ჭიქა ალუბლის ნაყენი დალია და კაბაც დაილაქვა, მაგრამ თითქოს არაფერი, რაკი დამნაშავე თავად ბრძანდებოდა, კრინტიც არ დაუძრავს... მერე მეზობლები შემოირბინა, აინტერესებდა, ვინ მონაწილეობდა კონკურსში. გზაზე ობობა-ბობა დახვდა. - ეი, შენ, მეტიჩარა პეპელავ, გასაფრთხილებლად მოვდივარ შენთან, წეღან ჭიამაების საუბარი მოვისმინე, დიდი წვიმა უნდა მოვიდესო... უქოლგოდ ნუ გამოხვალ გარეთ, თორემ გაიწუწები. პეპელამ ცხვირი აიბზუა. - შე გაბრეილო და დაბრეცილო, ჩემი მეურვეობა ვინ დაგავალა, მე გაწუწულიც ყველაზე ლამაზი ვიქნები, შენი გაფრთხილება არ მჭირდებაო. ობობა ბრაზისაგან სულ მოიკუნტა და გესლიანად უთხრა: - როგორ ლამაზი ხარ და როგორი ბოროტი. დამაცა, ჩამივარდები ხელში და ვნახავ, როგორ დამცინებ, ჩემი ჯერიც მოვა... პეპელამ უდარდელად შემოიფრინა უბანი, უკან დაბრუნებულმა უტა-ექიმს მოჰკრა თვალი და დაიმალა, მაგრამ ფუტკარ-უტას რას გამოაპარებდი! შორიდან დაუძახა: დედა როგორ არის, ჩემი დარიგებები თუ შეასრულეთო? პეპელას სხვა გზა არ ჰქონდა და სამალავიდან გამოვიდა, იცრუა: დედა ახლა კარგად არის, ყველაფერი გავუკეთე, რაც თქვენ დამიბარეთ და ახლა მშვიდად სძინავსო. უტა ექიმს ცოტა კი გაუკვირდა ლელას გულმოდგინება, რადგან იცოდა, როგორი ზარმაცი და ამპარტავანიც იყო, მაინც შეაქო: ყოჩაღ, ლელა, დედას გაუფრთხილდი, მასზე კეთილი და ძლიერი ამქვეყნად არავინაა. დედის ყველა ტკივილს შვილის კარგი საქციელი არჩენსო. ლელას ეჩქარებოდა, შიშობდა კონკურსზე არ დაგვიანებოდა და უტას ტყუილი უთხრა: მეზობელთან ვიყავი, ცაცხვის ნაყენი და ასკილის წვენი გამოვართვი დედისთვისო... სახლში მისულ ლელას ავადმყოფი დედის ოთახისკენ არც კი გაუხედავს. ახალი კაბა ჩაიცვა, გადამეტებით შეიღება და მოიკაზმა. ის იყო წასვლა დააპირა, რომ ელა გამოჩნდა: - სინოპტიკოსმა ჭიამაიამ გამოაცხადა, დღეს ქრიზანთემების უბანში დიდი წვიმა იქნებაო. ვარდისფოთლების ქოლგა დაიფარე თორემ გაიწუწები და გაცივდებიო. - სილამაზე მსხვერპლს მოითხოს, - უპასუხა ლელამ დაცინვით. - ლამაზი ის არის, ვინც კეთილია, - შესძახა ელამ. - მაშინ შენ ყველაზე ლამაზი უნდა იყო, მაგრამ რომ არა ხარ? - დასცინა ლელამ. ელას ცოტა კი ეწყინა, მაგრამ აღარაფერი უთხრა, დედის კვნესა მოესმა და მაშინვე ავადმყოფისკენ გასწია. ლელამ სარკეში ერთხელ კიდევ ჩაიხედა, სუნამო იკპურა და დარწმუნებულმა, რომ დღეს სილამაზის დედოფლად აირჩევდნენ, აჩქარებულმა გასწია თეთრი ქრიზანთემების სახლისკენ. სილამაზის დედოფლის არჩევა პეპელა-ლელა გარეთ გამოფრინდა თუ არა, ცას ახედა, ყავისფერი ღრუბლის ბატკნები დარბოდნენ ცაზე, ხან ერთად მოგროვდებოდნენ და მზეს ეფარებოდნენ, ხანაც გაიფანტებოდნენ ხოლმე. შორს დაიგრუხუნა და ღრუბლის ბატკნები დაფრთხნენ, აი - დაირივნენ. ქარმაც წამოუქროლა. ლელე იქვე სახლთან ახლოს იყო, მაგრამ შინ შებრუნება და ლაბადის მოსხმა არ იკადრა - ელა დამცინებსო და გზა განაგრძო. რამოდენიმე მსხვილი წვეთი ჩამოვარდა მიწაზე, მერე მოუმატა, მოუმატა და ისეთი ლეშტერი წამოვიდა, თითქოს საგანგებოდ ასხავენო კოკიდან წყალს. დაფეთებული ლელა ხან ერთ ფოთოლს შეეფარა, ხან მეორეს, მაგრამ ქარი არსად აჩერებდა, სუსხიანი შოლტით აგდებდა გარეთ. საშინლად გაიწუწა, კაბის ფერები წვიმამ სულ ჩამოურეცხა, ქარმა კი სიფრიფანა კაბა დაუფხრიწა. ლელას თმები ჩამოეშალა, თანაც სიცივისგან აკანკალებდა. ვარდის ბუჩქთან ტალახში ეგდო და გულამოსკვნით ტიროდა. - ლელე, ლელა, - მოესმა ამ დროს ელას სუსტი ხმა. - დედამ გამომგზავნა, არ გაცივდესო, ეს თავშალი მოიფაროსო, - და თბილი შალი მოახვია აკანკალებულ ლელას, - სახლში წამოდი, თბილ რძეს დაგალევინებ. ლელას ასეთი სიხარული არასოდეს უგრძვნია. ჩათბა, ხმას არ იღებდა, გულიც გაუთბა, უცნაურად აუძგერდა, - დედაზე საყვარელი, მართლა, არავინაა ამ ქვეყნადო, - გაიფიქრა. ქარმა ღრუბლის კრავები სხვა ცაზე გადარეკა და მზემ ნამტირალევი თვალები ამოიმშრალა, ქრიზანთემების უბანს დახედა, გაიცინა. ლელაც მაშინვე მოხასიათდა, თბილი მოსასხამიდან გამოძვრა. გუბეში ჩაიხედა, თმები შეისწორა. კაბა ნაკუწებად ქცეოდა, მაგრამ არ შეიმჩნია, - საზღვარგარეთ პეპლები სულ ასე უცნაურად არიან ჩაცმული, ვითომ მე ნაკლები რითა ვარო? ელას არ ეგონა თუ თავნება პეპელა კონკურსზე ასე წასვლას იკადრებდა, მაგრამ ისიც იცოდა, თუ ლელა გაიწევდა, ცხრა ურელი ხარ-კამეჩიც ვერ მოაცვლევინებდა ფეხს და ბევრი აღარ უხვეწნია, დაიკოს წარმატება უსურვა, თავად კი წავიდა. თეთრი ქრიზანთემის სასახლეში ტევა არ იყო. კონკურსის დაწყებამდე სცენაზე საესტრადო ანსამბლი და ცნობილი მომღერლები გამოდიოდნენ. საგანგებოდ მოეწვიათ ანსამბლები: ”ჭრელი პეპელა”, ”ჩემო ციცინათელა”; დუეტები: ”რწყილი და ჭიანჭველა”, ”ხარაბუზა და ფუტკარი”. დიდებული სანახავი იყო დარბაზი. ხუთასი სხვადასხვა ჯიშის ქრიზანთემით მოერთოთ იქაურობა. ვარდის ფურცლების გირლიანდები ეკიდა ყველგან და გასაოცარი სურნელი იდგა. ორკესტრი უკრავდა და მაყურებელთა დარბაზი ფარდის გახსნის მოლოდინსი გასუსულიყო. ამ დროს გამოჩნდა პეპელა-ლელა. დარბაზი აჩურჩულდა, ყველამ მისკენ გაიხედა, გაოცებულები ათვალიერებდნენ, ქანდარიდან დამცინავი სიმღერა გაისმა: ”ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა”. ეს ობობა-ბობას ძმაკაცი, ტარაკანა-ტიგრანა მღეროდა. მწერებმა მაშინვე გააჩუმეს ”სოლისტი”. წვიმისაგან და ქარისაგან გალახულმა პეპელამ კი გაბრაზებით ახედა ”ქანდარას”, სადაც ”მოხულიგნო მზერები” ისხდნენ და კულისებისაკენ გაემართა. ორკესტრმა დაკვრა დაამთავრა და ფარდაც გაიხსნა. კონკურსის წამყვანებმა ჭრიჭინამ და ჭიანჭველამ მაყურებელს ჟიურის წევრები გააცნეს. ესენი იყვნენ: შინაბერა ქალბატონი მაისის ხოჭო - მაისო, ნიადაგმცოდნე ჭიანჭველა - ბატონი ჭიჭი, ასტროლოგი ციცინათელა - თეა, ქრიზანთემოლოგი ჭიამაია - მაია, პატივცემული ფუტკარი - უტა, და აბრეშუმის ჭია - ფეიქარი ფიქრია. შემდეგ სცენაზე გამოვიდნენ კონკურსში მონაწილე გოგონები. ჭიამაია-იას ხასხასა წითელი კაბა ეცვა, ალაგ-ალაგ დიდი შავი ღილები დაეკერებინა, კალია-ლიას მომწვანო-მოყვითალო ზედა და ქვედა კაბა ეცვა, ვიწრო ქვედატანი მუხლის ზემოთამდე ჩახსნილი ჰქონდა და მაინც ძლივს ადგამდა გრძელ ფეხებს, თანაც წინდები, ხელთათმანები და პატარა ქუდიც სულ მწვანე ფერისა ჩაეცვა და დაეხურა. ციცინათელა-ნათიას სიფრიფანა ყავისფერი კაბა ეცვა, ოღონდ ზედ ოდნავ მუქი ფერის ლაბადა მოესხა, რომ წელზე შებმული ფარანი დაემალა, დღისით ფარანი რად უნდაო, - იკითხავთ, - უცნაური გოგო იყო ნათია, - უცებ დარბაზში სინათლე რომ გამოირთოს, რა გვეშველებაო, ჩემს მეტი ვინ გაანათებსო, ჰოდა, ამიტომაც წამოიღო პაწაწინა ფარანი. ჭიანჭველა-იანელა თავით ფეხებამდე ერთი ფერის კოსტიუმში გამოწყობილიყო მყვინთავივით. ტანწერწეტა ჭიანჭველას ძალიან უხდებოდა ეს უცნაური ”კაბა”. მოკრძალებით იდგა ფუტკარ-თაფლო, ოქროსფერი სარაფანი ეცვა, ყვავილების სურნელი ასდიოდა. ბოლოს კი ჩვენი პეპელა-ლელა იდგა წვიმისაგან საღებავგაცლილი და ქარისაგან დაფხრეწილი, ერთ დროს ულამაზესი კაბა საცოდავი სანახავს ხდიდა პეპელას, რომელიც მაინც ისე კუშტად და გამომწვევად იყურებოდა, თითქოს ეს ხალხი იყო დამნაშავე წვიმის მოსვლასა და მის გაწუწვაში. კონკურსი დაიწყო. ყველა ,,სადედოფლო” გოგოს ერთი ლექსი უნდა ეთქვა. ჭიანჭველამ ”ჭრიჭინა და ჭიანჭველა” თქვა და ყველას შეახსენა, როგორი მშრომელი და ბეჯითი იყო მისი გვარი. კალიამ ”ყაყაჩოსა სიწითლითა” წაიწრიპინა, ციცინათელამ - ” ნათელმა მთვარემ ბრძანა, ბევრად მე ვჯობივარ მზესო” - ეს ლექსი თქვა. ჭიანჭველამ მზისკენ გაიშვირა ხელი და ”მზეო ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასაო”, - შეეხვეწა. პეპელა ლელამ ამასობაში აზრი მოიკრიბა, გაახსენდა სიზმარში მთვარემ რომ ასწავლა ლექსი და თავის რიგს არ დაუცადა, იმის შიშით, არ დამავიწყდესო, სხაპასხუპით მიაყარა: ”მზე დედაა ჩემი, მთვარე - მამაჩემი, თვალხატულა ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი”. ყველა გაოცებული დარჩა. არავის ეგონა, თუ ლელა ასეთ მშვენიერ ლექს იტყოდა. ფუტკარი თაფლო მოკრძალებული გოგო კი იყო, მაგრამ საკმაოდ ენამწარე გახლდათ, სიმართლისთვის, თუნდაც მოკვდებოდა, იცოდა, ლელამ ავადმყოფი დედა რომ დატოვა სახლში და თავისი ჯერი რომ მოვიდა, თავნება პეპელასთვის თვალი რომ არ მოუშორებია ისე თქვა ლექსი: ”დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, მიტომა გვტანჯავს სოფელი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა”. მთელი დარბაზი ტაშით შეხვდა თაფლოს გამოსვლას. ლელამ გაიფიქრა: ოღონდ ეს ნესტრიანი ქალბატონი არ მობრძანებულიყო და მე, თუნდაც, ორჯერ გავწუწულიყავი წვიმაშიო... პატივცემულმა ექიმმა-უტამ სამკურნალო მცენარეების ჰერბარიუმი მიართვა კონკურსში მონაწილეებს, - აბა ვინ უფრო მეტ მცენარებს ამოიცნობსო... ჭიამაიამ დაიწყო: მრავალძარღვა, მოცხარი; ჭიანჭველამ განაგრძო: ჭოლო, პიტნა, კუნელი. ციცინათელამ: ჭინჭარი, ვალერიანი, ასფურცელა; კალიამ ჯეჯილი და ყაყაჩოო თქვა; პეპელა-ლელამ ვარდი და ასკილიო,- სხვა ვერაფერი გაიხსენა; თაფლომ კი ჩამოთვალა და ჩამოთვალა: მოცვი და მაჟალო, ცაცხვი და ქაცვი, პანტა, ბაბუაწვერა და ადონისი, - გეყოფა, გეყოფა, - შეაჩერა ჟიურის თავჯდომარემ, - ქალბატონმა ხოჭომ. სცენაზე ანსამბლი ”ჭრელი პეპელა” გამოვიდა ბალერინების თანხლებით, კონკურსანტები კი ნამცხვრების საცხობად გაუშვეს. მალე დარბაზში ვანილის, მოხალული ნიგვზის, თაფლის და სხვა ნუგბარის სასუსნავის სუნი დატრიალდა. სცენაზე კი წინსაფრიანი თაფლო შემოცქრიალდა და ჟიურის ტორტი ”იდიალი” მიართვა. მას მალე სხვა გოგონები შემოჰყვნენ, თან შემოიტანეს თავიანთი ნახელავი, მაგრამ როგორც ჟიურიმ აღნიშნა, მხოლოდ ”იდიალმა” დაიმსახურა უმაღლესი შეფასება, სხვა ნამცხვრებს, ზოგს სიტკბო აკლდა, ზოგი ჩაცომებული იყო, ზოგიც რეზინასავით იღეჭებოდა, პეპელა-ლელას სიჩქარეში კვერცხის ათქვეფა საერთოდ დავიწყებოდა, და თანაც, ისეთ მაღალ ცეცხლზე შედგა ტაფა, რომ ”ნამცხვარი” სულ დანახშირებოდა. სიმწრით აღარ იცოდა, რა ექნა, მაგრამ დედოფლობის იმედს მაინც არ კარგავდა, გულში იმეორებდა: ”ყველაზე ლამაზი მე ვარო”. - აბრეშუმის ჭიამ - ფეიქარმა ფიქრიამ გამოაცხადა: მოდით, ახლა, გოგონების კაბები შევაფასოთო. - პეპელა-ლელას კაბა, ხომ გახსოვთ, როგორ დაფლითა ქარმა და წვიმამ, ჰოდა აქაც სხვებმა აჯობეს, მაშინ კი ინანა, რატომ ჩემს დაიკო ელას არ დავუჯერე და კაბა არ გამოვიცვალეო... დედოფლის გამოცხადების დრო რომ მოვიდა, ლელა უკვე გეგმებს აწყობდა, შური როგორ ეძია, ყველა ერთად ეჯავრებოდა წვიმით დაწყებული ჟიურის წევრებით დამთავრებული. გეგონებათ, რომელიმე მათგანი იყო დამნაშავე იმაში, რომ პეპელა-ლელა ჯიუტი და თავნება იყო. ქრიზანთემების უბნის მარში რომ დაუკრეს, მთელი დარბაზი გაინაბა, სცენაზე ჟიურის თავმჯდომარე შინაბერა ხოჭო, ქალბატონი მაისო გამოვიდა და საზეიმო ხმით გამოაცხადა: დღეს ქრიზანთემების უბანში დიდი ზეიმია, ვირჩევთ ჩვენი უბნის დედოფალს, ყველაზე კეთილს, ყველაზე ჭკვიანს. ყველაზე შრომისმოყვარე და ლამაზი გოგო უნდა იყოს ჩვენი დედოფალი. აქ შეკრებილი გოგონებიდან ზოგი ძალიან ლამაზია, ზოგი ძალზე ჭკვიანი, ზოგი სხვებზე მეტად მშრომელი, მაგრამ, დამეთანხმებით, რომ ყველაზე უკეთესი დღეს ფუტკარი თაფლო იყო... დედოფალო თაფლო, ქრიზანთემების უბნელთა სახელით გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და გისურვებთ, მუდამ ასეთი კეთილი და თავმდაბალი, მუდამ ასეთი საჭირო იყავი ხალხისათვის... თაფლომ დიდი მადლობა გადაიხადა და ყველანი თაფლიანი კვერების საჭმელად მიიწვია ფუტკრების გორაკზე... შურისძიება პეპელა-ლელა ბრაზისაგან სულ კანკალებდა. ისე გამოიპარა კონკურსიდან, რომ არავის შეუმჩნევია - მე თქვენ გიჩვენებთ თაფლის კვერებს, დამაცათ, თუ არ ჩაგაშხამოთ წვეულებაო... ერთ ბოსტანში გაუმაძღარი და ბოროტი მახრა ცხოვრობდა. ლელა იმ მახრას იცნობდა. ახლა გადაწყვიტა, ღორმუცელა მახრა თაფლოს წვეულებაზე წაეყვანა და პაწაწინა მწერები დაეფრთხო და შეეშინებინა. მახრა ბოსტანში ვერ იპოვა და ყველა შემხვედრს მის ამბავს ეკითხებოდა. უცებ ტარაკანა-ტიგრანა დაინახა. ეტყობა ქრიზანთემების სასახლიდან ჩუმად აედევნა. ლელამ დაუძახა - ტიგრან, ტიგრან, მახრა ხომ არ დაგინახავს სადმეო. ტარაკანასაც ეგ უნდოდა, და მაშინვე უპასუხა: როგორ არა, ახლახან სტუმრად წავიდა ჩემს დეიდასთან და თუ გინდა, სახლს მიგასწავლიო. პეპელამ ძალიან სთხოვა; დეიდაშენთან მიმიყვანეო... ტარაკანა პეპელას ბნელი უბნისაკენ წაუძღვა, კარგა ხანს იარეს, გაბრაზებულ ლელას არც უფიქრია, რომ ტარაკანა-ტიგრანა მახეს უგებდა. ხომ გაგიგიათ, ვინც სხვას ორმოს უთხრის, შიგ თვითონ ჩავარდება. ჰოდა, პეპელამ უცებ სვლა შეანელა, ფეხი ვეღარ გადადგა, თითქოს თავზე ბადე ჩამოამხეს, სანამ მიხვდებოდა, რა დაემართებოდა, ობობა-ბობას მოგუდული ხითხითი მოესმა: გაები, დედოფალო?... ყოჩაღ, ტიგრან, კარგად შეასრულე დავალება... პეპელამ წივილი მორთო: მიშველეთ, მიშველეთო... აბა, ვინ მოეშველებოდა, ბნელ უბანში სულ ტარაკნები, ობობები და ვირთხები ცხოვრობდნენ... - გამათავისუფლე, შე, გაბერილო, ბოროტო, ობობავ, - ყვიროდა ლელა. ობობა ბრაზისაგან სულ გაწითლდა და გაშავდა. |
|
ავტორები |