შარლოტა კვანტალიანი - პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ფოლკლორისტი; უნივერსიტეტის დოცენტი; ჟურნალისტი, ,,კალმასობის’’ მთავარი რედაქტორი; არაერთი გამოკვლევისა და ლექსთა კრებულის ავტორი... სამი შვილის დედა.

პოეზია
პროზა
წერილები

ნახატები


ბიბლიოგრაფია
მასზე
- ბოროტი და უსაქმური რომ ხარ, სწორედ იმიტომ არ აგირჩიეს დედოფლად, მაგრამ არა უშავს, მე მოგიწყობ გამოცდას, თუ გაიმარჯვებ, ობობების დედოფლად აგირჩევ და გაგათავისუფლებ, არადა... შე-გა-ხრა-მუ-ნებ... აბა, ტიგრან, ერთი ჩვენს როკ-ჯგუფს დაუძახე, მე კი მანამდე გამოცანებს მოვიფიქრებ ჩვენი დედოფლისათვის...
ტიგრანამ ოთხი ხოჭო შემოიყვანა. საწყალი პეპელა შიშმა აიტანა, - ახლა კი დადგა ჩემი აღსასრულიო, - ფიქრობდა. ძალიან ნანობდა, რომ ავადმყოფი დედის მოსავლელად არ დარჩა სახლში, ნანობდა, რომ ელას დაუჯერა, ნანობდა, რომ ობობას დასცინოდა ხოლმე. ხოჭოები რაღაც გაუგებარ სიმღერას ხმამაღლა მღეროდნენ. ობობა კი მაგრად უჭერდა თოკებს ლელას, თან გამოცანას ესისინებოდა.
”- ალიყურის ბეგი ვარო, განა ისპანსა ვარო, გული მიყრია სპილოსი, კაცმა არ იცის, რა ვარო, ასე მგონია, ჩემითა ზეცას უკიბოთ ავალო.”
ლელას სადაც იყო გული შეუწუხდებოდა, გამოცანაზე კი გაიფიქრა, - ნეტავ, რა სისულელეს ბოდავსო!
- აბა, გამოიცანი, რა არისო? - ნიშნის მოგებით უთხრა ობობამ. - ეგ რა გამოცანაა, რაღაც სისულელეაო, - ჩაიკვნესა ლელამ.
- სისულელე კი არა აბლაბუდა არისო, - ნიშნი მიუგო ობობამ და ახლა მეორე გამოცანა უთხრა: ” ერთი რამე სულიერი მოდგომია კლდესა, სასიკვდილო სახლს აკეთებს ეხვეწება ღმერთსა.”
- ეგ შენ იქნები, შე ბოროტო და პეპლების მკვლელო, - ძალა მოიკრიბა პეპელამ.

- ყოჩაღ სწორედ ობობაა მაგ გამოცანის პასუხი; ახლა ხოჭოების კონცერტს მოუსმინე, მე კი მეგობრებს დავპატიჯებ, რომ ნახონ, როგორია ობობას აბლაბუდაში გაბმული მშვენიერი პეპელა-ლელა.

ხოჭოებმა სიმღერა დაიწყეს: ”ჭრელო პეპელავ გაფრინდი ნელა, დელიავ რანუნი. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, დელიავ რანუნი”... მღეროდნენ ხოჭოები და თან ხითხითებდნენ... ახლა კი გულამოსკვნით ატირდა საწყალი პეპელა: დედიკო, მიშველეეე... დედიკო მიშველეო...

ამასობაში ჩამობნელდა, უბედურ პეპელას სულ  გადაეწურა გადარჩენის იმედი, თანაც ობობა-ბობა თავის ძმაკაც ობობებთან  ტარაკნებთან ერთად დაბრუნდა, რომ თავი მოეწონებინა თავისი ნადავლით; თან ტრაბახობდა: ნახეთ, მშვენიერი პეპელა-ლელა თუ ჩემს ჭკუაზე არ ვაცეკვოო. მაგრამ ლელას ცეკვა კი არა, ლაპარაკიც აღარ შეეძლო, ძალა სრულიად გამოეცალა, სასოწარკვეთილებისაგან  ლამის გული გასკდომოდა... უცებ, შორს, რაღაც მოციმციმე სინათლეები დაინახა... სინათლეები ახლოვდებოდა და თან ერთმანეთში არეული ბზუილი, ჭრიჭინი, ფრთების შრიალი ზუზუნი ახლდა... ლელამ იფიქრა, ალბათ მელანდება, თორემ ჩემთვის ვინ მოიცლიდა, მთელი უბანი თაფლოს წვეულებაზეა წასულიო. ამ აბზუებულ ქარავანს ორი მოციმციმე სინათლე გამოეყო და პირდაპირ ობობა-ბობას ხაფანგისაკენ გამოფრინდა. პეპელამ მაშინვე იცნო ციცინათელები - ნათია და ციცი, ყოველ საღამოს რომ მორიგეობდნენ ობობას აბლაბუდესთან და მაინც რომ ვერ გადაარჩინეს თავნება პეპელა ობობას ტყვეობას...

- აქ არის, აქ არის, - შორიდანვე შეამჩნიეს ციცინათელებმა პეპელა და ”მაშველი რაზმიც” ააჩქარეს... ვინ აღარ იყო: აქ ფუტკარი თაფლო მთელი თავისი ოჯახით, ჭიამაიები, ჭრიჭინები, ჭიანჭველების დიდი არმია, რა თქმა უნდა, ლელას დაიკო ელა და ლოგინიდან წამომდგარი დედა - პეპელა-პელო. უამრავი ციცინათელა იქაურობას აჩირაღდნებდა. ობობა-ბობა და მისი მეგობრები საბრძოლველად მოემზადნენ, სახელდახელოდ გააბეს ქსელები და მიიმალნენ, ტარაკნები კი ყველას ფეხებში ედებოდნენ და ხელს უშლიდნენ. მწერებმა ერთად შეუტიეს, ჭიანჭველები შესანიშნავი მეომრები გამოდგნენ, დარაზმულები აცოცდნენ ობობას უზარმაზარ ქსელთან, თან ისრები, ხმლები და სხვა საბრძოლო იარაღები მოჰქონდათ, ყურთასმენა აღარ იყო, ვისაც როგორ შეეძლო, ისე იბრძოდა, თავი არავის დაუზოგავს, ბობამ რომ შეიტყო, საქმე ცუდად არისო, დაავლო ხელი გათოკილ ლელას და სადღაც მიარბენინებდა, მაგრამ წინ უზარმაზარი კალია დასკუპდა, კალია-კალე, ვისაც პეპელა-ლელა ჩუმად უყვარდა. ობობა ბობას სხვა ობობები წამოეშველნენ და კალია ალყაში მოაქციეს. შეყვარებულმა კალიამ პეპელას ხელი სტაცა, ობობები კი მამაც მეომარს ფეხებში ეცნენ. თავგანწირულმა კალიამ გულწასული ლელა გულში ჩაიხუტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ახტა. საწყალმა კალიამ ორივე ფეხი მოიტეხა, მაგრამ ობობას ქსელიდან გათავისუფლდა. უფეხო მებრძოლმა იქვე, ფოთლებზე დაასვენა პეპელა. ამასობაში ლელას მშველელებმა ყველა მხრიდან შეუტიეს ობობას რაზმს, ობობა-ბობა და მისი ძმაკაცები თავისივე თოკით გაკოჭეს, ტარაკნები დაფრთხნენ და დაიმალნენ, ქსელები სულ ჩამოწყვიტეს და ისე მიასუფთავეს იქაურობა, რომ ობობების ნაკვალევიც აღარ დატოვეს. თაფლომ ლელას ნეკტარი ჩააწვეთა პირში და მოასულიერა, ჭიანჭველებმა კი უცებ შეკრეს  ”საკაცე”, ზედ გმირი კალია დააწვინეს და სწრაფად გააქციეს ფუტკარი-უტას საავადმყოფოში ოპერაციის გასაკეთებლად.

 ლელას ეფერებოდნენ, ულოცავდნენ გადარჩენას, ჭრიჭინები ერთმანეთს არ აცდიდნენ ლაპარაკს, ესაო ისაო, შენ რომ წვეულებაზე არ მოხვედი, სახლში მოგაკითხეთ, სახლში რომ არ დაგვხვდი, მერე კი ძებნა დაგიწყეთ და ციცინათელებმა მოგაგნესო... კალიამ გადაგარჩინა, ფეხები დაიმტვრია და ახლა ოპერაციას უკეთებს ექიმი უტაო... მთელი ქრიზანთემების უბანი იქ იყო. საწყალი პეპელა-პელო სიხარულით ტიროდა. ლელამ ყველას თანდასწრებით ბოდიში მოუხადა დედას, ავადმყოფი არ უნდა მიმეტოვებინაო, თვითონაც სიხარულით ტიროდა, ყველას მადლობას ეუბნებოდა, ყველა უყვარდა, ყველას მოფერება უნდოდა... მერე კი მეგობრებს გამოეთხოვა,- მე ახლა კალია-კალეს გვერდით უნდა ვიყო, რომ ტკივილები შევუმსუბუქოო,- და საავადმყოფოსკენ წაფარფატდა. ქრიზანთემების უბნის მცხოვრებლებმა ერთმანეთს ღიმილით გადახედეს და ყველანი, მასთან ერთად, გაფრინდნენ გმირი კალიას სანახავად.

გვერდები : 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ბიოგრაფია
ფოტო

ვიდეო
ამღერებული ლექსები

ბმულები


ავტორები