შარლოტა კვანტალიანი - პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ფოლკლორისტი; უნივერსიტეტის დოცენტი; ჟურნალისტი, ,,კალმასობის’’ მთავარი რედაქტორი; არაერთი გამოკვლევისა და ლექსთა კრებულის ავტორი... სამი შვილის დედა.

პოეზია
პროზა
წერილები

ნახატები


ბიბლიოგრაფია
მასზე
ბიოგრაფია

შარლოტა კვანტალიანი დაიბადა 1950 წლის 1 აპრილს, აბაშაში. დაამთავრა რუსთავის N15 საშუალო სკოლა; შემდეგ - პიონერმუშაკთა რესპუბლიკური სკოლა, სადაც გოგუცა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო მხატვრული კითხვის ინსტრუქტორის და პ/ხელმძღვანელის კვალიფიკაცია.
სკოლის ასაკში გახდა სპორტის ოსტატობის კანდიდატი სპორტულ ტანვარჯიშში. თამშობდა რუსთავის სახალხო თეატრში.
სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის მე-20 ბაგა-ბაღში; M13-ე საშუალო სკოლაში, რუსთავის საქალაქო რადიოს მთავარ რედაქტორად.
1975 წელს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი, მუშაობდა თბილისის ჩარხმშენებელი ქარხნის ადგილობრივი რადიოს რედაქტორად.
1980 წლიდან დღემდე მუშაობს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნუვერსიტეტში.
დაიცვა დისერტაცია ფოლკლორში.
2007 წლიდან აქვს ფილოლოგიურ მეცნიერთა აკადემიური დოქტორის წოდება.
1991 წლიდან გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ამავე წელს დაინიშნა მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ლიტერატურული ორგანოს, ალმანახ ,,ალგეთის” მთავარ რედაქტორად, სადაც დააფუძნა გამომცმლობა ,,ვეფხისტყაოსანი”.
1997 წელს დააარსა სამეცნიერო-სალიტერატურო გაზეთი ,,კალმასობა”
შარლოტა კვანტალიანი 2003 წლიდან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრია.
,კალმარობის” პარალელურად იყო რეზო ჭეიშვილის მიერ დაარსებული გაზეთ ,,მწერლური ცხოვრების” რედაქტორის მოადგილე.
საქართველოს მწერალთა ლიტ-ფონდთან დააარსა სალიტერატურო გაზეთი ,,ლიტერატუტული ქრონომეტრი” (გამოვიდა 2 ნომერი).
მისი ინიციატივით 1994 წელს კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ,,ლიტერატურული დაოსტატების” ფაკულტეტი, სადაც ლექციებს კითხულობდა, სანამ ეს ფაკულტეტი არსებობდა. შემდეგ კი იქვე, ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ ფოლკლორის კვლევის კომპლექსურ ლაბორატორიაში ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას. 2006 წელს კულტურის უნივერსიტეტი თეატრალურ უნივერსიტეტს შეუერთდა და ლაბორატორია გაუქმდა.
შარლოტა კვანტალიანი 1997 წლიდან დღემდე მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად. M
გამოცეემული აქვს სხვადასხვა პროფილის ათზე მეტი წიგნი (პოეზია, პროზა, საბავშვო ლექსები, სამეცნიერო სტატიები, თარგმანები.)
მის ლექსებზე შეიქმნა მრავალი სიმღერა. ითარგმნა რამდენიმე ენაზე.
ცხოვრობს თბილისში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი: ლუკა ლაშა და სალომე.



ი ნ ტ ე რ ვ ი უ

ქალბატონ შარლოტას რამდენიმეჯერ ვესტუმრეთ ,,კალმასობის’’ რედაქციაში, ფოტოები გადავიღეთ, მაგრამ გასაუბრება ვერ მოვახერხეთ ხალხმრავლობის გამო. ბოლოს, უნივერსიტეტში მივაკითხეთ. სადაც შევძელით მშვიდად გავსაუბრებოდით.

ქალბატონი შარლოტა - სამი შვილის დედა, პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პედაგოგიური უნივერსიტეტის დოცენტი, ჟურნალისტი, გაზეთ ,,კალმასობის’’ მთავარი რედაქტორი, ფოლკლორისტი.

- ქალბატონო შარლოტა, რომელი სფეროა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
- რომელიმე მათგანი ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, არავითარ შემთხვევაში არ დავკარგავდი მისთვის ერთ წუთსაც კი.
- მაშინ შევცვალოთ კითხვა: როგორ ახერხებთ და როგორ ასწრებთ ამ ყველაფრის შეთავსებას?
- როდესაც გიყვარს ის, რასაც აკეთებ, აუცილებლად გაძლევს განგება ძალას, თითქოს გიხანგრძლივებს დღესაც და ღამესაც. ჩემთვის დღე-ღამე 24 საათისგან არ შედგება. მეჩვენება, რომ დღეში 24 საათზე მეტს ვმუშაობ... საერთოდ, 5-6 საათი მყოფნის, რომ ნებისმიერი დაძაბულობის მერე აღვიდგინო ძალები, ჯერჯერობით მყოფნის... მე ვფიქრობ, რაც უფრო მეტ ენერგიას ხარჯავ (კეთილი საქმის საკეთებლად), მით უფრო მალე ივსები იმავე კეთილი ენერგიით და ზოგჯერ ორმაგადაც. და თუ შენს მიერ გაკეთებულ საქმეს ნაყოფიც კეთილი აქვს, ეს უკვე უდიდესი სტიმულია შემდგომი მოქმედებისათვის.
- შეგიძლიათ, მოკლედ გვიამბოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი?
- ყველაფერი სკოლიდან დაიწყო, დაახლოებით IV კლასიდან, როცა ჯერ რაზმის საბჭოს თავჯდომარედ, მერე კი - რაზმეულის საბჭოს თავჯდომარედ ამირჩიეს (ყველა საფეხური გავიარე, მაგრამ კომპარტიის წევრი არ გავმხდარვარ). ვრედაქტორობდი კედლის გაზეთს, გახლდით ამავე გაზეთის მხატვარი და კორესპონდენტი.
"პედაგოგიური მოღვაწეობაც” იმ პერიოდში დავიწყე, რადგან მაშინ ასეთი წესი იყო - ხუთოსნები ოროსნებს ეხმარებოდნენ სწავლაში.
- როგორი იყო პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები?
- ესეც სკოლის კედლის გაზეთიდან იწყება... ჩემი საყვარელი მასწავლებლები იყვნენ თინა მეტრეველი და ლეილა ლორთქიფანიძე. მათი დამსახურებაა, დღეს რომ ლიტერატორი ვარ.
ქალბატონი ლეილა მეორე შვილს ელოდებოდა. უფროსი ვაჟი ჰყავდათ გია. ოჯახი გოგოს ნატრობდა და სახელიც შერჩეული ჰქონდათ – ნატო. ქალბატონმა ლეილამ მთხოვა "გიას ლექსი’’ დამეწერა - მეც დავწერე და ასევე დავარქვი - "გიას ლექსი’’:
"დედიკომ თქვა: გოგოს ვნატრობ,
თუ მეყოლა ვარქმევ ნატოს.
აი, რატომ, აი, რატომ.
ჩემს დაიკოს ჰქვია ნატო.”
(...და დღეს სადღაც დადის ნატო...)
მოგვიანებით, იმავე კლასში ლექსების წერაში ვეჯიბრებოდი თანაკლასელს, სკოლაში "ცნობილ” პოეტს, ნოშრევან ჯამრიშვილს. ნოშრევანი ხშირად იყენებდა კლასიკოსთა ცნობილ სტრიქონებს, რის გამოც, გამოსაჯავრებლად გაკვეთილზე მივწერე:
"პლაგიატორო, სულით მდაბალო,
მცხოვრებო პალეოზის ერაში,
შენ პოეზიის რა გაგეგება,
დადე კალამი, გვიშლი მღერაში”.
თავს ვერ მოვიწონებ ამ ლექსით, მაგრამ მაშინ მიზანში მოხვდა ეს სტრიქონები.
...აი, ასეთი რაღაცები ხშირად ხდებოდა-ხოლმე.
უკვე სტუდენტობის პერიოდში ხელნაწერი ჟურნალი "კაბადონი” შევქმენით მე და ჩემმა მეგობრებმა. პარალელურად ვთანამშრრომლობდი ინსტიტუტის გაზეთ "საბჭოთა პედაგოგში”. პირველი ლექსიც, პირველკურსელმა აქ დავბეჭდე.
- ხომ არ გახსოვთ ეს ლექსი?
- რა თქმა უნდა, მახსოვს:
,,ტირის სანთელი,
ცხელი ცრემლი წყდება წამწამებს.
კვნესის სანთელი,
უთქმელობის დარდი აწამებს.
ბოლოს რომ ვეღარ
აიტანა ტანჯვა ამდენი,
ჩამოიღვენთა,
ჩამოდნა და მოკვდა სანთელი’’.
ამ ლექსის დაბეჭდვას მოჰყვა ერთი კურიოზიც. ისედაც პაწია ლექსი ნახევარი დაიბეჭდა, რადგან "მოკვდა სანთელი” არ შეეფერებოდა საბჭოთა სტუდენტის მსოფლმხედველობას. მეორე წელს, ლექსი მთლიანად დაიბეჭდა და და ძალიან მალე გავრცელდა ახალგაზრდებში.
- ცენზურის "მსახვრელი ხელი” სხვა ლექსებსაც თუ შეეხო?
- ცოტა მოგვიანებით "ჩაძირულ ხომალდთან” დაკავშირებითაც განმეორდა მსაგავსი ისტორია. ლექსი ეძღვნებოდა ოკეანეში ჩაძირულ ხომალდზე დაბადებული ადამიანის ტრაგედიას, რომელსაც ენატრება დედამიწა და ოცნებობს მზის ხილვაზე. მას ოკეანე დედინაცვლად გადაქცევია.
"დედინაცვალი მდიდარია და თანაც ძუნწი,
ცასთან შემწყვიტა იმედის ყუნწი,
მოულოდნელად მოღალატე რომ იცნო გერში.
დავიბადე ჩაძირულ გემში”.
ცენზურამ შემდეგნაირად გაშიფრა ეს სტრიქონები: საქართველო - გერი და დედინაცვალი - რუსეთი, ამიტომ I წიგნში ლექსი ამ სრტიქონების გარეშე დაიბეჭდა (მხოლოდ თავისუფალ საქართველოში დაბეჭდილ წიგნში აღვადგინე).
- თქვენი ლექსებიდან რომელს გამორჩევდით, რომელი გიყვართ ყველაზე მეტად?
- გამიჭირდება ამორჩევა... ალბათ - ,,სანამ დედა ცოცხალია’’.

- ხომ არ გაიხსენებთ რომელიმე ეპიზოდს თქვენი ფოლკლორისტული მოღვაწეობიდან?
- გავიხსენებ ერთ კურიოზს. სამეგრელოში ენგურის ხეობაში მიგვასწავლეს 106 წლის ხალხური მთქმელი. მივაკითხეთ ბატონ ალექსის. დაგვხვდა სიმპათიური, მხნე მოხუცი. ექსპედიციის ხელმძღვანელმა, გიზო ჭელიძემ, წარუდგინა მას ჩვენი თავი. მოხუცმა მე ხელი ჩამომართვა და აღარ მიშვებდა. ბატონმა გიზომ ჰკითხა, რაში იყო საქმე. ალექსიმ ჩაღიმებით უპასუხა: "ბებია ეყოლება ამას ლამაზიო”... ცოტა ხნის შემდეგ, როცა საუბარი გაიბა, ბატონმა გიზომ ჰკითხა: "ტყაშმაფა თუ გინახავსო", _ ალექსიმ უპასუხა: "როგორ არა, სულ ამას ჰგავდა ის შეჩვენებულიო”.
უამრავი რამ ჩავწერეთ მისგან და სწორედ ამ მასალებზე დაყრდნობით დავწერე დისერტაცია.
- ოჯახი როგორ შექმენით?
- ერთ საახალწლო საღამოზე გავიცანი ჩემი მეუღლე და 10 წელი ვიყავით შეყვარებულები. ერთადერთი პაემანი ჩაგვიშალა ქარმა და წვიმამ და შემოქმედებითად მანაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო. ორივე მივედით პაემანზე, მაგრამ წვიმდა, სხვადასხვაგან შევეფარეთ და შორიდან ვუმზერდით შეხვედრის ადგილს, ამიტომ ორივე ჩვენგანს ეგონა, რომ მეორე არ მოვიდა. იქიდან წამოსულმა დავწერე ლექსი: "პაემანი წვიმასთან და პაემანი ქართან”, რომელზეც მოგვიანებით სიმღერაც დაიწერა, თანაც - ორი.

- ცოტა გადავუხვიოთ თემას. ზღვა და კენჭები ძალიან გიყვართ?
(ქალბატონ შარლოტას ხელში ან ჯიბეში მუდმივად აქვს ფერადი, პატარა კენჭები. სწორედ ამიტომ დაგვებადა ეს შეკითხვაც).
- ძალიან... ზღვა და კენჭები მაძლევს ულევ ენერგიას, აღვიძებს ფანტაზიას და შთაგონებას. სანაპიროზე აკრეფილი კენჭები მთელი წელიწადი მინარჩუნებს იმ განწყობილებას, რომელსაც ზღვა მგვრის, ზღვაზეც ბევრი ლექსი მაქვს დაწერილი...
- თავისუფალ დროს რას აკეთებთ, როგორ ისევენებთ?
- თავისუფალი დრო არ მაქვს, მაგრამ წერა ჩემთვის განტვირთვაა, ზოგჯერ – კითხვაც. როცა ვწერ თან ,,ვხატავ’’, ესეც ერთგვარი დასვენებაა.
ბავშვობაში მხატვრობაზეც მიოცნებია. ჩემი ოცნების არაპირდაპირი რეალიზაცია ჩემი დისა და ძმის ცხოვრებაში მოხდა - ორივე მხატვარია.
- ბავშვობასთან და ბავშვებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ცოტა მეუხერხულება, მაგრამ ასე მგონია, ბავშვიბის ასაკიდან ჯერ კიდევ არ ვარ გამოსული.
რაც შეეხება ნაწარმოებებს, სანამ ჩემი შვილები პატაები იყვნენ, ვწერდი პატარებისთვისაც. შემდეგ მათთან ერთად გავიზარდე და ახლა ველოდები შვილიშვილებს, რომ ისევ დავპატარავდე.




P. S. 2007 წელს ინტერვიუ დაიბეჭდა N 43 საჯარო სკოლის ლიტერატურულ ჟურნალში - ,,45 წუთის მიღმა''. მწერალს ესაუბრებოდა ამავე სკოლის მოსწავლე - თამარ ლოლაძე






მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში

1. ,,1937 წელი რევაზ თვარაძის წიგნში ,,მოგონებათა წიგნი"- 1937 წელი და ქართული მწერლობა, 2008 წ. 5 მარტი.
2. ,,ანა კალანდაძის პირველი წიგნი"_ ლექსმცოდნეობის II სამეცნიერო სერია", 2008 წ. 27-28 მაისი.
3. ,,სამგლოვიარო რიტუალი ,,ვეფხისტყაოსანში", ფოლკლორისტთა სამეცნიერო კონფერენცია N46, 2008 წ. 18-19 ივნისი.
4. ,,ლადო ასათიანის რითმა" - ლექსმცოდნეობის III სამეცნიერო სესია, 2009 წ. 27 მაისი.
5. ,,ანა კალანდაძის მეტაფორა"- თელავის რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, 2009 წ.




სხვა პროფესიული აქტივობა

1. ლექციების კურსი (ქართული ლიტერატურა)
ა. ილია ჭავჭავაძის უნივერშიტეტი
ბ. ჭიხაურის უნივერსიტეტი (აჭარა)

2. სალიტერატურო გაზეთ ,,კალმასობის" მთავარი რედაქტორი.

3. შეხვედრა მწერალთან ,,ავტორის ხმა" - რეზო ჭეიშვილთან შეხვედრის წამყვანი-
2009 წ. 30 მაისი.

4. წიგნების რედაქტირება და შესავალი წერილი
ა. სიმონ ჩიქოვანის მოგონებათა წიგნი - 2009 წ.
ბ. მაია არველაძის პოეზია - 2009 წ.
გ. იგორ ბონდირევი (პოეზია.) 2007-2008 წ.
დ. ,,დიდი წიგნი ხელოვნებაზე"-(მხატვრობა) 2008 წ.

5. რადიო და ტელეგადაცემები (საპატრიარქოს ტელე-რადიო) ლიტერატურასა და
მწერლობაზე. 2007-9 წწ.

6. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

7. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი.





ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები

1. ანოტირებული ბიბლიოგრაფია (ილია ჭავჭავაძე) (კრებულში ილია ჭავჭავაძე-170, 2007წ.)
2. ანოტირებული ბიბლიოგრაფია (ვაჟა-ფშაველა)
3. ანოტირებული ბიბლიოგრაფია (სულხან-საბა)
4. ,,შტრიხები ფარსადან მეფის პორტრეტისათვის" - ,,რუსთველოლოგია IV", 2005-6 წწ.
5. ,,მიწაზე დაუმაგრებელი სამყარო" - კრიტიკა N4





ბიოგრაფია
ფოტო

ვიდეო
ამღერებული ლექსები

ბმულები


ავტორები