უძილო ღამის შემდეგ
მეც ვიპოვი ერთხელ,
ჩემი სევდის უცნობ წამალს
და უძილო ღამე
ბრმა ჩიტივით ფრთხილად წავა.
აყვირდება სულში
მონატრების მწარე ბუკი,
ჩემს სიზმრებში ისევ
დაბრუნდება ჩუმად თუკი.
დაიწყება მერე,
გვირილების დიდი თოვა
და უძილო ღამე
ბრმა ჩიტივით ფრთხილად მოვა.
ხარ ტკივილის მწვანე ველი,
სიყვარული უსამანო,
ვაი იმას, ვინც წავა და
ეჭვიანობენ ჩემი ლექსები -
მე ახლა მხოლოდ შენ გეფერები
და გაცრეცილი ცივი ფერები
სიმღერად მექცა უკვე.
ეჭვიანობენ ჩემი ლექსები -
მე ახლა მხოლოდ შენთვის ვინთები
და სარკმეველსაც თბილი თითებით
მხოლოდ შენს თვალებს ვუკმევ.
შემოდგომა, სიმშვიდის მოლოდინში
საღამო სიმშვიდეს დამპირდა,
დუმილი დაბურავს აწ ნავებს,
ძეწნები მდინარის ნაპირას
ტოვებენ ოქროსფერ ნაწნავებს.
ეჭვი კი ჯინივით ამოდის
დაღლილი, მბჭუტავი ლამპრიდან,
თენდება... სიმშვიდე არ მოდის -
ტყუილად დამპირდა.
ვერ მოვუნახე ამ ლექსს სახელი,
ახალი წელი მოდის უშენოდ,
ჯადო არა აქვს სიზმარს გამხელილს,
იქნებ დუმილით რამე უშველო.
ახალი წელი მოდის უშენოდ,
თოვლის ქვეშ ჩუმად იღვიძებს დარდი,
იქნებ დუმილით რამე უშველო,
რასაც ფარავენ გულგრილი ფარდით.
თოვლის ქვეშ ჩუმად იღვიძებს დარდი,
ბედნიერებას ხშირად ვმალავდი,
რასაც ფარავენ გულგრილი ფარდით
და რაც გაცხადდა ფოთლის ბარათით.
ბედნიერებას ხშირად ვმალავდი,
ახლა იმ წუთებს ამაოდ ვეძებ,
და რაც გაცხადდა ფოთლის ბარათით
იანვრის ფარდის გადაღმა ვერ ძლებს.
ახლა იმ წუთებს ამაოდ ვეძებ,
უკვე ფიფქები თვალებს ახელენ,
იანვრის ფარდის გადაღმა ვერ ძლებს
თოვლზე ნახატი შენი სახელი...
უკვე ფიფქები თვალებს ახელენ -
ახალი წელი მოდის უშენოდ.
თოვლზე ხატია შენი სახელი,
მზე რომ ამოვა,როგორ ვუშველო !...
„სახლობანა"
დღემდე არვიცი მომიხვალ როდის
და მეტყვი ჩუმად „გვეყო თამაში"-
თუმცა მწარეა დუმილი ლოდის,
არის რაღაცა სიტკბოც ამაში.
მზისა და მთვარის ცად აყვავებას
შევყურებთ, როგორც ფრანის აშვებას,
წვიმა მძივია და ყვავილების
კაბებს მსუბუქად ემარმაშება.
ცა გახსნილია: ვარსკვლავი ვარსკვლავს
კაცის ენაზე ეკაშკაშება,
ვერ გამოვიგნეთ გზა ბავშვობიდან
და სამუდამოდ დავრჩით ბავშვებად.
მყავს ბედის ჩიტი გულში ჩაკრული,
არც მეხვეწება არსად გაშვებას,
მოდის მეუფე ჩემი სასახლის
და „სახლობანას" მეთამაშება.
დარდი გადამიყოლებდა
ამგვარ ფიქრს რომ ავყოლოდი:
„იმ ზამთარს რომ არ მენახე...
შენ რომ ქვეყნად არ მყოლოდი..."
შენი შუქი ამჩნევია
ჩემს სიზმრებში დანათოვარს,
როგორც იმედს ვუფრთხილდები
ცრემლებს შენგან დანატოვარს.
ზოგჯერ ცეცხლზე წყალს დამისხამ
და ნაპერწკალს ვეფერები,
ხან წყვილი ვართ საოცარი,
ხან სულ არ შევეფერებით.
ყველა ტკივილს დავიამებ
შენთა თვალთა მალამოთი
და როგორც მზეს გევედრები:
„არ წახვიდე... მალე მოდი..."
შიში მსუსხავს - ქარის ეტლებს
უშენოდ რომ გავყოლოდი,
მე ამ ლექსსაც ვერ დავწერდი,
შენ რომ გვერდით არ მყოლოდი...
ახალგაზრდული
ჩემს ძმას - თემურს
ისეთი მაქვს თვალები,
გავუსწორებ ცხელ მზეს,
შემომისხდნენ ქარები
გაჭენებულ ცხენზე;
მაღალი ცის აღმართზე
ვარსკვლავები ვკრიფე,
უსასრულოდ ავღმართე
ოცნებების კიბე.
უთეთრესი ღრუბელი -
ჩემი სიზმრის გუდა,
რაშები მყავს უბელო
და ხოხბების გუნდი...
ჯერაც ვერ დავმშვიდდები,
ღელავს ჩემი ფარდა,
ამიყვავდნენ შინდები
ოცნებების კართან.
ისეთი მაქვს თვალები,
გავუსწორებ ცხელ მზეს,
შემომისხდნენ ქარები
გაჭენებულ ცხენზე.