სამადლობელი
მადლობელი ვარ უფალო შენი,
რომ ჩემი შვილის სუნთქვას დარაჯობ,
შენ დაგელოცოს მაგ ზეცის ჭერი,
მიწის ფუძე და ღრუბლის ხარაჩო.
ეს შენ მაჩუქე ვარსკვლავა ბიჭი,
შენ მომანიჭე მადლი დედობის
და როცა დედას რაიმე მიჭირს,
მხოლოდ და მხოლოდ შენ ერთს გენდობი.
შენი ერთგული ვიყავი ოდით,
არ მიძებნია სხვა მისამართი,
შენ მოგვიტევე უგონო ცოდვილთ,
მიმყოფე ბიჭი საღსალამათი.
ჩემი სული კი ვით თეთრი მტრედი
წაიღე თუკი საჭიროდ ჩათვლი,
შენ გული მუდამ გხედავდა დედის,
თუმც მოკვდავივით ცხადად არ ჩანდი....
მიმყოფე ბიჭი საღსალამათი,
შენ მოგვიტევე უგინი ცოდვილთ,
არ მიძებნია სხვა მისამართი,
შენი ერთგული ვიყავი ოდით.
ისევ იმას ვენაცვალე
ვინც მიყვარდა კვლავ ის მიყვარს,
ისევ იმას ვენაცვალე,
მისთვისა მაქვს ენა ტკბილი,
მისთვისა მაქვს ენა მწარე.
მისი კერის ცეცხლი ვარ და
იმ კერას მსურს ვენაცარო,
ვინც მიყვარდა, ისევ მიყვარს,
მინდა იმას ვენაცვალო.
ნეტავ სიყვარულის თასი
შარბათისგან ვერ დავცალო,
ისევვ იგი მიყვარდეს და
ისევ იმას ვენაცვალო....
ჩემი ბედი საოცარი
არა ბედზე არ გავცვალე,
ვინც მიყვარდა ,ისევ მიყვარს,
ისევ იმას ვენაცვალე.
ჩემო ოქროსგულა ბიჭო,
ჩემო თავლებნაპერწკალა,
შენი ანთებული შუქით
გავინათებ ღამის წკვარამს.
ხან ვეფხვივით დიდგულა ხარ,
ხან – ჩიტივით გულფანცქალა,
მამაშენის ნატეხი ხარ –
მისი ყრმობის ტყუპისცალა.
სიზმარშიაც ვერ ისვენებ,
საბრძოლველად უხმობ ტოლებს
იმედი მაქვს,სული გმირის
არასოდეს მიგატოვებს.
სიყვარულის კოცონს მინთებ,
ცეცხლი ცეკვავს უბოლოთო,
მე მაგ შენს გულს ვენაცვალე –
კეთილსა და უბოროტოს.
ჩემო ოქროსგულა ბიჭო,
ჩემო თვალებნაპერწკალა,
შენი თავ რომ მაჩუქა,
აღარა ვარ ბედთან მწყრალად.
სიყვარულის გაკვეთილები
გვნახავთ აცრემლებულთ, მაგრამ
არა სასოწარკვეთილებს,
რაგდან ცოტნე გვიტარებდა
სიყვარულის გაკვეთილებს.
მადლი ჩემი ქართული ცის
უცხოსაც კი აკეთილებს,
შუშანიკთან ერთად აბოც
გვიტარებდა გაკვეთილებს.
გენიოსი თავის შაირს
ოქროს კვეთით აკვეთინებს:
„სჯობს სიცოცხლეს ნაძრახსაო..."
მახსოვს მისი გაკვეთილი.
გავიხსენებ სიამაყით
მომხვდურის ხმლით გაკვეთილთა
არაგველთა, კრწანისელთა,
დიდგორელთა გაკვეთილებს.
ქაშუეთის კიბეებზე
ვზივარ ენაგაკმენდილი,
ველოდები სიყვარულის
უფრო მწარე გაკვეთილებს.
***
მზე ამოდის როცა –
ანგელოზი გალობს,
მომინდება ლოცვა
აღმაფრენის გამო.
აღმაფრენის გამო
მომინდება ლოცვა,
ანგელოზი გალობს –
მზე ამოდის როცა.
დედა და მამა კვლავ დაქორწინდნენ,
ოღონდ ახლა იმ ქვეყანაში,
სადაც ჩვენთაგან არვნ ყოფილ ,
მაგრამ წავალთ,
წავალთ შიშით, –
გაგვაცილებენ ტირილით.
იქნებ სულაც არაფერია საშიში....
სატირალიც იქნებ არ არის..
დედა და მამა კვლავ დაქორწინდნენ
და კვლავ ვეყოლები ჯერ მე,
მერე ჩემი და-ძმა,
მერე ჩვენ დავქორწინდებით ჩვენსავე ქმრებზე
და ჩვენც ჩვენი შვილები შეგვეძინება...
აიწონა–დაიწონა.
ხშირად, როცა დედა და მამა მენატრებიან,
ვფიქრობ, მე უფრო ცოდვა ვარ თუ ისინი,
იმათაც ხომ ვენატრები
და მგონია, რომ
მე უფრო ცოდვა ვარ,
ისინი წავიდნენ და ნახვის იმედიც წაღეს,
მე მათ ვეღარასდროს ვნახავ,
ისინი კი აუცილებლად მნახავენ.
მარტმა, დამარცხებულმა, გამოფინა ქუჩებში,
ტყემლის თეთრი ალამი,
არაფერი მადარდებს, არაფერი მაწუხებს –
მხოლოდ შენი ვარამი.
დღე გათენდა ისეთი, შეგერგება რძესავით
თუნდაც ლუკმა არამი,
არაფერი მადარდებს, არაფერი მაწუხებს –
მხოლოდ შენი ვარამი.
მზისგან შეშინებული გაქცეულა სულიდან
გაყინული წკვარამი,
არაფერი მადარდებს, არაფერი მაწუხებს –
მხლოდ შენი ვარამი....
ჩემი შვილი უნდა დაიბადოს
ახლა ეს ოცნება ამიყვავდა,
მთელი სამყარო ვარდებით დაიბარდოს
გაწმინდეთ დედამიწა ეკლებისგან:
ჩემი შვილი უნდა დაბადოს!!!
ციდან მხლოდ სითბო მოდიოდეს,
მიწა მზის სხივთა ფარდებით დაიფაროს,
დამალეთ დედამიწა ყინვისაგან –
ჩემი შვილი უნდა დაიბადოს!!!
ომი სიზმრიდანაც ამოვშალოთ,
ბომბების ნაცვლად ღიმილი დაიბადოს,
იხსენით დედამიწა შიშისგან –
ჩემი შვილი ნდა დაიბადოს!!!
ნეტა ეს სიმღერა მტრედად მექცეს,
როგორც იმედი ამ ქვეყნად დაიფანტოს,
მორთეთ დედამიწა საზეიმოდ –
ჩემი შვილი უნდა დაიბადოს!!!
***
,,გულო, რა გემართება, სულო, რა მოგივიდა?!’’
გალაკტიონი
გულო, ისევ ბავშვივით
გეღიღინება,
გიბნებია გვირილა
მკერდზე ღილებად.
გულო ,მოდის ზამთარი –
რად გემარტება?
გულო, რას ელოდები
(შტრიხები პორტრეტისთვის)
თვალმოციმციმე,
ხანაც სევდით თვალმოჭუტული,
გამოყვანილი
მწარე თამბაქოს კვამლში,
დაუვიწყართა ანგელოსთა ამო ჩურჩულით
ყაყაჩოები მოგყვებათ კვალში.
ორაკულივით
ბუნდოვანი და ნათელმხედი,
ქაღალდზე გიდევთ
ბრძოლით დაღლილი ტორი,
ცოტაა, ვისაც სიამაყით ხელს გადახვევდით
და უფრო ცოტა: ოსტატი – ტოლი.
არამიწიერს
მიწაზე გწერთ რითმიან წერილს,
ჰგავხართ ღვთაებრივს
მთვარით ნაქარგი თმებით,
ცელავს ვარსკვლავებს ბრმა ხელებით ყინულის ცელი
თქვენ კი ანთებულ სტრიქონით თბებით.
თვალმოციმციმე,
ხანაც ბრძნულად თვალმოჭუტული,
გამოყვანილი
მწარე თამბაქოს კვამლში,
დაუვიწყართა ანგელოსთა ამო ჩურჩულით
ცისარტყელას მიჰყვებათ კვალში.