ბარათი ზამთრიდან
ბარათებს უკვე არავინ არ წერს,
მე ძველი ჩვევის ერთგული ვრჩები,
ახლა ქარია და ხეებს არწევს,
რომელთაც შერჩათ ფოთოლთა ჩვრები.
ან რა მოგწერო, ზამთარიც მიდის,
ჩვენ სულს ვუბერავთ მინავლულ ვნებას,
ვერ ავაშენეთ ცისფერი ხიდი,
მივყევით ბედის უცნაურ ნებას.
თუმცა მოვსინჯეთ,სამოთხის კარი
ჩაუკეტიათ მოთმენის ლოდით,
რა ჩქარა იწვის გამხმარი კვარი,
რა ნელა სცვივა წამები ლოდინს.
ბუხარში ჩუმად იცინის ჭინკა,
ჰგავს წითელქუდას წითელი ქუდით,
დევს მაგიდაზე დაცლილი ჭიქა
და გეპარება სიმთვრალე - ქურდი.
მე ისევ ლექსებს გიკითხავ ჩუმად,
დადის ოთახში საკმევლის სუნი,
და იმის მერე, რაცა გთვლი ჩემად,
მზედ ეფინები სიცოცხლის სურვილს.
მთვარეა ცაში ნასროლი გუნდა,
რომელიც ღამეს სინათლედ შერჩა,
ნელა იცვლება ზღაპრების გუდა,
ნელა შიშინებს ბუხარში შეშა.
სიცივე სულში ღამეებს ათევს,
როგორც ბებერი,ერთგული ძაღლი
მხარზე შეგვახებს ზამთარი თათებს
და მოგვანატრებს მშობლიურ სახლებს.
და თუმცა გვქონდა იმედი ზღაპრის-
სული ვალაღეთ სურვილის გვემით,
კვლავ დავუბრუნდით მოსაწყენ ნაპირს,
ვით დაკარგული, დაღლილი გემი.
მე, რა თქმა უნდა, არ ველი ბარათს,
არც საყვედური დასცდება ბაგეს,
ჩვენ ამ ბარათებს ისედაც ვმალავთ
და კოშკებს თოვლის ფიფქებით ვაგებთ.
მზე მეფერება და მენატრები,
თვალს არ ვაშორებ ჩაკეტილ კარებს,
მალე ბუმბულად მივემატები
უმისამართოდ მიმავალ ქარებს.
არ ვიცი კიდევ რამდენჯერ მოგწერ,
ღმერთმა დამსაჯა მოთმენის ნიჭით
და ბარათია უსიტყვო მოწმე
ეს აღსარება როგორაც მიჭირს.
განა ყველაფერს ვიბრუნებთ კაცნი,
რასაც უგულოდ, უაზროდ ვკარგავთ...
მე დავიღალე... გეხვევი...გკოცნი...
თავს გაუფრთხილდი...იყავი კარგად.
P.S
ჩვენ უკვე ერთი გვახურავს ჭერი,
გათბა ამინდი ცივი და ქუში
და გამოსაგზავნ ბარათებს ახლა
გეჩურჩულები ყოველდღე ყურში.
სევდიანი ტრიოლეტი
ღმერთო, რატომ დამავიწყე ღმერთი,
ასე დიდად მჭირდებოდი როცა,
ნეტავ როდის მოვაკელი ლოცვა,
ღმერთო,რატომ დამავიწყე ღმერთი.
იცრემლება ქარვისფერი ღვენთი,
უღმერთობამ მწუხარება მომცა,
ღმერთო,რატომ დამავიწყე ღმერთი
ასე დიდად მჭირდებოდა როცა...
დედის საფლავთან
მახსოვს ერთად ვიყავით
და მზის სხივებს ვართავდით,
მერე მახსოვს ნართავი
მზესთან ერთდ გათავდა,
ოღონდ ვეღარ ვიხსენებ,
რა გვინდოდა ამ ქვებთან:
მე წამოველ შენგან თუ
შენ წახვედი აქედან.
მაისი... დედა...
ისე მტკიოდა დილა უშენო,
რომ გზა ვეძებე შენკენ სავალი,
არ არსებულა,არ არსებულა,
ამ მონატრების არსად წამალი.
ასე მგონია მზე გაიყინა
შენი სიცილი რადგან ჩაჩუმდა,
ახლა ყველაზე დიდი სინათლე
ასხივებს შენი შავი ჩარჩოდან.
ისევ შენ მშველი როცა არ ვიცი,
სასოწარკვეთას როგორ მუშველო
და იმის შემდეგ რაც შენ წახვედი,
არ მიცოცხლია წამიც უშენოდ.
ზოგჯერ ისეთი მოდის სიმშვიდე
თავსასთუმალთან მიზიხარ თითქოს
და შენი სული მიგზავნის ციდან
რაც დამაკელი იმ დედურ სითბოს.
დედის მონატრება
საბავშვო ბაღთან
საბავშვო ბაღის შესასვლელთან
დილით დედები ბავშვებს ტოვებენ,
საბავშვო ბაღის შესასვლელთან
ისმის ტირილი:
„დედა ნუ წახვალ", „მე შენთან მინდა" –
სულ ცოტა ხნითაც უჭირთ უდედოდ,
თუმცა იციან: სამსახურიდან
სულ სირბილით მოვლენ დედები,
ჩაიხუტებენ,გაათბობენ ტკბილი ალერსით
და სიხარულით იჭყლოპინებენ...
დედა... შენც ასე მიმატოვე
თუმც მე ვტიროდი : „არ წახვიდე", „არ მიმატოვო"
წახვედი დილით განთიადზე, უხმოდ, უსიტყვოდ,
არც მანუგეშე -მალე მოვალო...
მე ერთადერთი შევრჩი მოწმედ შენს გამგზავრებას
და მანამდე გიკოცნიდი თბილ ძუძუებს,
სანამ ცივ ბროლად არ გადაიქცა...
დედა... მე ქორწილს არ გადავიხდი -
რაა ქორწილი დედის გარეშე
და შვილს,რომელსაც უკვე ვგრძნობ სისხლში
საბავშვო ბაღში არ წავიყვან,
რადგან მე ვიცი როგორ ტკივათ პატარებს გული
როცა დედები,თუნდ, ცოტა ხნით, სხვაგან მიდიან...
შენ მაპატიე ეს ბარათი თეთრი,ურითმო,
რითმებად შენზე ტკივილი ჩავსვი,
რომელიც ყველა ჩემს სიხარულს
ცივ შარავანდად შემომხვევია...
წვიმით დაკაწრულ,
დამჭკნარ ბარათებს...
ცვივა ქარიდან
ვიცი ფოთლები
ყუაწატეხილ
იმედებით
და შემოდგომის
მშვიდი დღეები
გვანან ერთმანეთს
ტყუპი დებივით.
ვიღაც აგროვებს
ყვითელ ბალადებს
დაუღვენთავი
და აუნთები,
წვიმით დაკაწრულ,
დამჭკნარ ბარათებს
ახლავს ყოველთვის
რაღაც უთქმელი.
გამოთხოვება ბავშვობასთან
(ბავშვობაში ცალი თითით ვუკრავდი
და ვმღეროდი „ნო-ნო- ლე-ტა").
როგორ აღარ მეთმობი,
როგორ არ მემეტები,
სასაცილო ვიყავი
ჩემი „ნონოლეტებით".
ნატვრის ხეზე შევაბი,
ვარდისფერი ლენტები,
გულუბრყვილო ვიყავი
ჩემი „ნონოლეტებით".
მქონდა ცაში სასახლე
ღრუბლის თეთრი ეტლებით -
ბედნიერი ვიყავი
ჩემი „ნონოლეტებით".
ვთამაშობდი კენჭებით -
ზღვათა ამულეტებით,
რა კეთილი ვიყავი
ჩემი „ნონოლეტებით".
მედგა მთვარის გვირგვინი
ფოთლის ეპოლეტებით,
აღარ განვმეორდები