შარლოტა კვანტალიანი - პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ფოლკლორისტი; უნივერსიტეტის დოცენტი; ჟურნალისტი, ,,კალმასობის’’ მთავარი რედაქტორი; არაერთი გამოკვლევისა და ლექსთა კრებულის ავტორი... სამი შვილის დედა.

პოეზია
პროზა
წერილები

ნახატები


ბიბლიოგრაფია
მასზე
ჩემი „ექსტრასენსი"

შენს ხელებს სხვაგვარი ცეცხლი აქვს
ზაფხულში მზე რომ ჰფენს ცის კიდეს
იმგვარი უსაზღვრო სიგიჟით
ჟრუანტელს მიკიდებს.

შენს ხელებს სხვაგვარი შუქი აქვს -
გრძნეული ავს და კარგს გადარჩევს
და მისგან წმინდაც და ცოდვილიც
მოველი განაჩენს.

ხელები თბილი და მართალი
ოცნება საწუთროს სტუმართა,
ხელები ჩემს თვალებს სევდიანს
შუქი რომ უმატა.

ამ ხელებს სხვაგვარი შუქი აქვს,
ზაფხულში მზე რომ ჰფენს ცის კიდეს
იმგვარი უსაზღვრო სიგიჟით
ჟრუანტელს მიკიდებს.






სანამ დედა ცოცხალია

მერე მუდამ გვიანია,
ვსდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.

სიყვარულს ნუ დაამადლით,
თბილი სიტყვა ხშირად გაუბედეთ,
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.

მანამდე გვაქვს ფრენის ნიჭი,
ვეჯიბრებით არწივებს და გედებს, _
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.

თუ ბავშვობა გენანებათ,
ნაადრევად შიშობთ არ დაბერდეთ,
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.

დედის თვალთა კეთილ ზღვაში
სარკესავით ხშირად ჩაიხედეთ,
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს...

თორემ მერე გვიანია
სდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.




სევდავ, ჩემო ქალბატონო...

სევდავ, ჩემო ქალბატონო,
რას მიბრძანებ ამჯერად?
რახანია დუმხარ, მაგრამ
მაგ დუმილის არ მჯერა.

შენთან ყოფნა მეძნელება,
არც უშენოდ არ მინდა,
მომანატრა შენი მზერა
წვიმიანმა ამინდმა.

სხვა დროს არც მე არ გაგრევდი
ჩემს მხიარულ ამქარში,
მაგრამ ახლა მეგობრები
დამეფანტნენ ამ ქარში...

ღამეს მითევ სასთუმალთან
არც მე დამეძინება,
დაგივიწყებ მზემ თუ ჩემთან
მობრძანება ინება.




სონეტი მზეს

არ ვიცი ბედი ცვალებადი ხვალ რას მიპირებს,
მაგრამ დღევანდელ აისისთვის ვუძღვნი მადლობას,
მზე ყველა სულდგმულს სიკეთისკენ გადაიბირებს,
ვისაც სიცოცხლით და სიმღერით უნდა დათრობა.

მზე ზოგჯერ ჰყვავის, როგორც თეთრი ედელვაისი,
ხან მოირთვება ღრუბლის ცივი თავსაბურავით,
ჩემი სიცოცხლე მზის მიზეზით გახდა მაისი
და არ დამცდება საჩივარი და სამდურავი.

მზის მალამოთი მოვიშუშებ ყველა იარას
და ტკივილისთვის არ დამრჩება არსად ადგილი,
ცის ბილიკებზე ვინც კი მხოლოდ მზისკენ იარა
მისთვის სიცოცხლე და სიმღერა არის ადვილი...

შენი თვალები ჩემთვის მზეა, მზე სხივოსანი,
ამიტომ ცაში ვერას ხედავს შენი მგოსანი.




რისკი – კეთილშობილი რაინდი

ისე ტორტმანებს პატარა ქალაქი,
თითქოს ამ დილით ღრუბლებიდან წვეთავდა ვისკი,
ქუჩაში თავს იქცევს ზრდილი ლაპარაკით
კეთილშობილი რაინდი – რისკი.

ბევრმა მიიღო ნანატრი ალაგი,
მუშტებით, რქებით, ალესილი კბილებით... ის კი
უღიმის ყვავილებს, ჩემოდანს ალაგებს
კეთილშობილი რაინდი – რისკი.

მაღალი სევდით ქალაქი მოჰფინა,
ნიკაპთან ცრემლის გახუნებულ თავსაფარს ისკვნის,
ამ ქალის სტუმარი არასდროს ყოფილა
კეთილშობილი რაინდი – რისკი.

ჩუმად ღამდება და ფარდა იხსნება,
ტრიალებს მთვარის გაცვეთილი, დაღლილი დისკი,
და ცეკვას მასწავლის ამაყი ღირსებით,
კეთილშობლი რაინდი – რისკი.

ისე ტორტმანებს პატარა ქალაქი,
თითქოს ამ დილით ღრუბლებიდან წვეთავდა ვისკი,
ქუჩაში თავს იქცევს ლაპარაკით
კეთილშობილი რაინდი – რისკი.




სიჯიუტე

მე ჯიუტი ვარ, როგორც არავინ,
როგორც არაგვის წყალი ანკარა,
მე ჯიუტი ვარ როგორც ბალახი,
ყინვამ რომ კბილი ვერ მიაკარა.

მე ჯიუტი ვარ, როგორც პატარა
თავგანწირული ქვიშის საცერი,
მე ჯიუტი ვარ, როგორც სატანა –
გულგოროზი და გულალმაცერი.

მე ჯიუტი ვარ, როგორ ობობა,
ვისი სასახლეც ბევრჯერ გათელეს,
მე დავიღამებ დილას, ოღონდაც,
შენთვის ყოველი დილა გათენდეს.




ოპტიმისტური ტრაგედია

სიკვდილი სადღაც უფსკრულში ცხოვრობს,
უფსკრულს არა აქვს ბოლო და ძირი,
სანამ ფსკერამდე დააღწევს სული
ფრენის სწავლასაც მოასწრებს კაცი.

ქალებს, რომელთაც არ ჰყავთ შვილები

მებრალებიან ბავშვის ლოდინში
სევდის ვარდებად გადაშლილები,
სიზმრის შვილებით ბედნიერი სიზმრის დედები –
ქალნი, რომელთაც არ ჰყავთ შვილები.

მაგრამ განგება ზოგჯერ დაგვცინის
და ამ სასჯელით ვართ შეშლილები,
მწარე ლუკმა აქვთ მოგონილი ბედნიერების
ქალებს, რომელთაც არ ჰყავთ შვილები.

დედის ხელები ქსოვენ სასწაულს,
დედა ძუ ვეფხვთან შეუშინები,
გამბედაობა და სინაზე მუდამ აკლიათ
ქალებს, რომელთაც არ ჰყავთ შვილები.

მე ყოველ დილით ლოცვით ვიღვიძებ
ამ დიდ ტკივილთან დაკავშირებით:
- ღმერთო, აღირსე მალე დედობა,
ქალებს, რომელთაც არ ჰყავთ შვილები.




დარდების კაბა მაცვია...

დარდების კაბა მაცვია
ცრემლის მძივებით შემკული,
ნაღველით ამოქარგული,
ლოდინის ღილით შეკრული.

სიყვარულს ცეცხლი უნთია,
შიგ ჯადო ხლართებს ართავსო,
ნეტა ის ცეცხლი წამკიდა
არც კაბას ვჩივი არც თავსო...

დარდების კაბა მაცვია...






იყო სასოწარკვეთა

იყო სასოწარკვეთა
სული ხორცთან დაობდა,
ვერ მშველოდა დობილი,
ვერც დაიკო დაობდა,
სიხარული გაცივდა,
დაძველდა და დაობდა,
იყო სასოწარკვეთა:
სული ხორცთან დაობდა.




ჩალის სასახლე

თავთუხისფერი მქონდა სასახლე
ჩალით ნაგები,
იმ ჩალისფერი მქონდა თმა და თხელი მკლავები,
მზემოფერებულ ლოყებზე კი
ჭორფლი მეყარა
და რადგან ჩალით
შენ აგებდი იმ სასახლეებს –
ჩემი მეგონა მთელი ქვეყანა.

ერთხელ ღიმილით წავუკიდე
სასახლეს ცეცხლი
და გასათბობად მივუფიცხე
ჩვენი გულები,
მე ხელისგულზე
დაფერფლილი ვნება მეყარა
და...
აღარ მქონდა არსად ქვეყანა.




გაზაფხული

შენ შემოხვედი ჩემს სამეფოში,
თან მოიყოლე დიდი იმედი,
მანებივრებდა გაზაფხულის მზე ოქროსფერი
და თმებში იის მძივებს მიბნევდი.

მერე წახვედი ისე უეცრად,
როგორც ღრუბლები გარბიან ქარში,
ალბათ შენს გარდა ქვეყანაზე ვერვინ ამიხსნის
მოსვლის და წასვლის საოცარ კავშირს.

რაღაც დავკარგე, უფრო ლამაზი
ვიდრე ზღაპარი თეთრი ნიმფასი,
დავბორიალობ შეშლილივით გონდაკარგული,
რა გაიყოლე ასე ძვირფასო?!




მივიწყებული ლექსივით...

მივიწყებული ლექსივით ვზივარ
უსასწაულო დღეების ყდაში,
ვით უმიზეზოდ დასჯილი ბავშვი –
მივიწყებული ლექსივით ვზივარ,
იმედი შავი გედივით ბზინავს
დიდი მოთმენის კამკამა ტბაში,
მივიწყებული ლექსივით ვზივარ
უსასწაულო დღეების ყდაში.




ქარიანი ამინდი

ქარის ისე მეშინია,
როგორც შარიანი ქმრის,
ქარი ეჭვით შეშლილია,
ისე უმიზეზოდ ქრის.

წვიმა, როგორც ავი ცოლი,
განუწყვეტლივ ცრის და ცრის,
ან რა ქმარი შეიყვარებს
ასეთ უგემურს და ცივს.

მზე – კეთილი დედამთილი,
რაღაც გაბუტული ზის,
ქარი ქრის და წვიმა მღერის,
იმედი მაქვს მაინც მზის...

კარებს ისე აჯახუნებს,
თითქოს ჰქონდეს გული ქვის,
ქარის ისე მეშინია
როგორც შარიანი ქმრის.




სიცრუე

აღარ მიყვარხარ, ალბათ ამიტომ
დამლაგვებია ოცნების ცელი,
ალბათ ამიტომ გაუგემურდა
მინავლულ ცეცხლზე შემთბარი ცრემლი
და ძუნწი კაცის სუფრას მიაგავს
გაუმეტები ჩემი ღიმილი.
საგულდაგულოდ გიმტკიცებ ახლა
რომ ძველებურად მიყვარხარ ისევ,
შენ გულმოწყალე და მიხვედრილი
როგორც ყოველთვის – მოთმენით მისმენ
და ვიცი ნატრობ: ჩემი გულწრფელი
შენი ერთგული მზერა გაჩვენა –
მე ვიტყუები ასე უღმერთოდ
ჩვენი ზღაპრების გადასარჩენად.




საიდუმლო

მთვარევ ახალო, ახალო,
იცი რა უნდა გახარო,
ვიპოვე ვისაც ვეძებდი,
მარტო ვარ უკვე აღარო.

ეს საიდუმლოც შენ გქონდეს,
უკარებავ და მაღალო,
თუ ისიც ასე არ ფიქრობს,
თავი რა შავ ქვას ვახალო.




ყველაფერი დაიწყება ახლიდან

დღე ცრემლივით გამწარდა –
ბედისწერა მაინც მეიმედება,
შენთან ისე მოვდივარ
ვით თვითმკვლელი ბაწართან.
ღამე თვალზე წამალივით მედება.

მეძახოდი უსიტყვოდ
სარკმლის მინას წვიმა თავს რომ ახლიდა,
ახლა შიშით ვკითხულობ
დასეტყვილი უსეტყვოდ:
- ყველაფერი დაიწყება ახლიდან?

შემოდგომის სურათი:
უეცარი, გაყინული უარით,
ვით ზეიმი ზამთარში
ამწვანებულ სუროთა
იყო გარდაუვალი...

ვერ ვიცილებ სიცივეს
უჭერო და უკარებო სახლიდან,
სადაც კენტი ნათურა
ბჟუტავს მთვარის სიცილი:
- ყველაფერი დაიწყება ახლიდან...





სიზმრიდან დაბრუნება

სიზმრების ფერწასულ სასახლეს
არა აქვს კარები,
ამაოდ დავეძებ ჯადოსნურ გასაღებს,
უფრთებოდ ვერ მივეკარები.

ვჩურჩულებ: მზეს როგორ ვეჩვენო
ძეცაში ამ ბედით,
თვალს ვახელ სიზმარში და წყვდიადს ვეჩვევი,
მიჭირავს მბჟუტავი აბედი.

ღამეა. ცას ცრემლი მოსცვივა
ელვისგან გაფატრულს,
ქარი კი მსუბუქი მანტიით მოსილი
დაეძებს ღრუბლის ჯოგს – გაფანტულს.

მომართვეს ვარსკვლავთა მარხილი –
სიმაღლე მაბრუებს...
და ისევ ნაცნობი, ნანატრი ძახილი
ზეციდან მიწაზე მაბრუნებს.





მზიანი რონდო

მზემ ზავი შემოგვთავაზა –
დღეს არ შედგება რაუნდი,
რამ გაახელა, რა უნდა
ლოდინით დაღლილ ავაზას.

ცამ წვიმის კარი ჩარაზა,
სიმწვანეს ყავლი გაუდის,
მზემ ზავი შემოგვთავაზა
დღეს არ შედგება რაუნდი.

გათენდა ისე ლამაზად –
ცა არის ლურჯი მაუდის,
გულო კვლავ ამიხმაურდი:
მოულოდნელად, ანაზდად
მზემ ზავი შემოგვთავაზა...





* * *
ისე უსაზღვრო ხარ,
ისე შორეული,
ისე უსასო ვარ –
ცრემლებმორეული,
ისე მენატრები
დიდო სიხარულო,
როგორც გარდაცვლილი
ჩემი ორეული.





სიკეთე

შენა ხარ ჩემი ნაძერწი ღმერთი –
ჩემებრ სულელი და სასაცილო,
მიყავ სიკეთე: ჩემი წილხვედრი
ერთი ტკივილიც არ ამაცილო.

გული ჰგავს მიხაკს წვიმების მერე
და თბილი სისხლი ანათებს ღამეს,
თუ შეგცივდება გაყინულ მხრებზე
ვარსკვლავიან ცას წამოგასხამენ.

რა გეშველება მე რომ წავიდე,
ვინ დაგაპურებს თეთრი საკმევლით,
დაემსგავსები ცაში დამწყვდეულ
ჩიტს უკარებოს და უსარკმელოს...

შენა ხარ ჩემი ნაძერწი ღმერთი, -
ჩემებრ სულელი და სასაცილო,
მიყავ სიკეთე, ჩემი წილხვედრი
ერთი ტკივილიც არ ამაცილო.




თოვლი

ზამთარს ქუჩაში სძინავს ქალივით,
ქალი თეთრია, იდუმალი და მოციმციმე,
ნაფეხურებს – ძველი ვალივით
იცილებს, მაგრამ ვერ მოიცილებს.

გაგახსენდება თოვლში ქალები,
თუ ვინმე ჰგავდა გაზაფხულის მზეს და ფერიას,
ახლა ქარში მიექანები,
რომელსაც თოვლის თეთრი ფერი აქვს.

ღია სარკმელში დილა მოფრინავს,
რომ გაათენოს გაყინული შენი სასახლე,
არ ჩანს ვინაც სევდით მოგფინა, -
ფიფქივით ნაზი და მოცახცახე.




ვისაც სიყვარული შეუძლია

ვაი, მას ვისაც არასდროს
არ ჰყვარებია არავინ,
ვისაც არასდროს ჰქონია
ცაზე ღრუბლების კარავი.

ვისაც ქარიშხლად ქცევია
ამბოლი ცივი არავის,
ვაი მას, ვინაც არასდროს
არ ჰყვარებია არავის.




ამაღლება

ვემალები მოგონების ტყეში
მივიწყებულ წამს,
დამეკარგა მონადირის გეში –
ახლა ღმერთი სიყვარულის უმიზეზოდ მწამს.

თვალებია მდუმარების ზართან
დაფეთებულ შვლის,
დაუგია თეთრი ქეჩა ზამთარს
და სიჩუმე ძველ ბილიკებს სამუდამოდ შლის.

შემომახვევს გამხდარ ხელებს ქარი
ზამთარივით ცივს,
გახსნილია სიხარულის კარი
და მკლავები მელოდება შეყვარებულ ცის...

ავედევნე მოგონების ტყეში
მივიწყებულ წამს,
დამეკარგა მონადირის გეში –
ახლა ღმერთი სიყვარულის უმიზეზოდ მწამს.





გაფრთხილება

შენა ხარ ღმერთი –
სანამ მე ვარ
შენი მხევალი,
შენი ნაწილი
და ნახევარი...
ნუ აფრინდები
ძალიან მაღლა,
სადაც ვეღარ
მოგაწვდენ ლოცვას,
შეაჩერე ცად ასული
შენი მარხილი,
თორემ ფრთები დაგადნება
როგორც იკაროსს
და უძლური
ჩემი ძახილი
ვაითუ მართლა
არ მიიკაროს
მზის მრისხანებამ.




აღელვებულ ზრვასთან

უმიზეზოდ გაგლახეს? –
ზრვაო, რად იბუტები,
შენი იყოს კენჭების
ჭრელი ბატიბუტები;

წვიმისმოსვლას დილიდან
რა სინაზით ელოდი,
აგიმღვრია გონება, -
მე კი მინდა, მღეროდე.

ზღვაო, როცა ნებიერ
ვეფხვივით იზმორები,
არ გეტყობა კლანჭები
და არც ლურჯი ზოლები.

ახლა რამ გაგაგიჟა,
ისევ ღრიალს აპირებ,
ემუქრები წალეკვით
გაფითრებულ ნაპირებს.

გიყურებ და მაოცებს
უცნაური აზრები:
გიჟი უფრო მიყვარხარ,
უფრო მელამაზები.




ღამის ვილანელი

ვარ გამჭვირვალე და ცარიელი,
როგორც ცა დიდი წვიმების მერე,
დაცარიელდა დასალიერი...

მზე დაიღალა დიდი, ძლიერი
და ღამეული ჩიტები მღერენ,
ვარ გამჭვირვალე და ცარიელი.

უცებ იცვალა ზეცამ იერი
და სარკედ იქცა პატარა ღელე,
დაცარიელდა დასალიერი...

ცეცხლიან ზეცას ისე მიელი,
როგორც ზამთარში იების ღერებს,
ვარ გამჭვირვალე და ცარიელი

და მათრობელა, როგორც იელი
მე მივენდობი შენს ერთგულ ხელებს...
დაცარიელდა დასალიერი:
ღამე მიცოცავს ცივი, ცბიერი
და ეფერება უმზეო ველებს –
ვარ გამჭვირვალე და ცარიელი,
დაცარიელდა დასალიერი.




თეა და ლევანი

ატყდა კლასში ჩურჩული,
გაწევ-გამოწევანი,
ლევანს უყვარს თეაო,
თეას უყვარს ლევანი.

მალვა უნდა სიყვარულს –
ნეტავ რა აქვთ სამალი,
ლევიკოს რომ თეასთვის
მოაქვს იასამანი?

ვაჟკაცს ეამაყება
დაკაწრული მკლავები,
ივსებიან ცოდვებით
უცოდველი კრავები...

ჯერ სიცოცხლე ტკბილია,
მხოლოდ თაფლი, შარბათი,
უყვართ ბავშვებს სკოლა და
ეჯავრებათ შაბათი.

ჯერ ადრეა ღამეთა
უსასრულო თევანი,
ჯერ მწიფდება მოთმენის
ვარდისფერი მტევანი.

ჯერ შორსაა ლოდინით
გულის გადალევანი,
უმიზეზო ეჭვები,
ბრაზი, გადარევანი.

ჯერ სიცოცხლეს აშუქებს
მხოლოდ მზის შადრევანი:
ლევანს უყვარს თეა და
თეას უყვარს ლევანი.



ზეცის საკაბე

ზამთრის ლოდინში უფერულად გადის ზამთარი,
გახუნებულა ფუნჯი ალერდის,
როგორც ზეცის ჩამონათალი
გდია გუბეში ლურჯი ხავერდი.

დილა საავდრო ცრემლებიან ღრუბელს მოდენის,
სცივა ბეღურას კენტად აფრენილს,
მტკივა გული ჩიტისოდენი,
მე გული მტკივა, სხვა არაფერი.

სევდის ზეიმზე ჭირისუფლად შენს აჩრდილს ვუხმე,
ისევ აკრძალულ ცაზე ავედი...
საკუთარი კაბა მეგონა,
საკაბე ზეცის – უცხო ხავერდი.




მედეა

თავშესაფარი ისე შორია,
რომ მხოლოდ ჭორი აღწევს აქამდე,
მე მეშინია, არ დაიღალო
და არ დაქალდე.
ჩაქრა სიზმარი მორიალე ათასფერება,
ნუ დაღონდები, თუ არავინ მოგეფერება...
შენი ვარდები სანთელივიტ სევდის ფერია,
გული გატკინეს?
- არაფერია...
არაფერია, წაუღია დემონს ასტრებიც,
შენ არ გელიან მონაზვნები და მონასტრები.




* * *
ოი, რა დიდხანს ვიწვალე,
მწვრთნიდნენ დავითნი, საბანი,
ფეხი იმგვარად გამართე,
რამდენზეც გეყოს საბანი,
არ მიიკარო ტალახი,
არ გახდეე პირის საბანი,
ბანი არა თქვა, სიმღერა
თუ არ იქნება საბანი.




გაწყვეტილი სიმღერა

უცებ გაწყდა სიმღერა –
გიტარის სიმს მოხვდა თოვლის გუნდა...
სიყვარულმა მათრახი მომიღერა
და ოცნების გვირილები
კვირტში მომიგუდა.

კისკისებდა ზამთარი –
მშვენიერი, უსისხლო და ცივი,
როგორც ქალი ავგული და ავთვალი,
როგორც ყალბი ბრილიანტის
მოციმციმე მძივი.

დეკემბერი მზებნელი
მპირდებოდა სიმღერების კარვებს
და მიწაზე სამოთხეთა მძებნელი
დავედევნე სევდის ტყეში
გზააბნეულ არვეს...

გადაიმსხვრა სიმღერა –
გიტარის სიმს მოხვდა თოვლის გუნდა,
სიყვარულმა მათრახი მომიღერა
და ცისფერი გვირილები
კვირტში მომიგუდა.



ბებია

შენი ტოილ სოფლად აღარავინ დადის,
გავიწყდება თანატოლთა ხმები,
როგორც ძველ ხეს ჭია, შეგრჩენია დარდი,
ბებიჩია – ბები.

მარტოობა გტკივა, გაცვდა შენი ადლი,
შესუდრულა მწვანე ხავსით ქვები,
გაძლებინებს ალბათ შენი ცოდვა - მადლი,
ბებიჩია-ბები.

საკუჭნაოს ღამით დირიჟორობს თაგვი,
გაზაფხულზე ჩიტებს რჩებათ ბლები,
ოდის კედლებს ახსოვთ შენი კოხტა თარგი,
ბებიჩია-ბები.
მარტოდმარტო დგახარ ცივი ზამთრის კართან,
მიტომ გტკივა ცალუღელა მხრები,
ახლა უფრო ხშირად მუსაიფობ ქართან,
ბებიჩია-ბები.

შენი ტოილ სოფლად აღარავინ დადის,
გენატრება თანატოლტა ხმები,
ვინ მოგიტანს წამალს უკურნებელ დარდის,
ბებიჩია-ბები?!



მზეო

წვიმის პროზას და სიცივეს
ვერსად ვეღარ წაუველ,
მზეო, შენ თუ გამიცინებ
გამიდრესასწაულებ.

შენ ყოველთვის შემწედ ჰყავდი
ცაში გამოკეტილებს,
მზეო, შენი მოფერება
ნატვრას გამიკეთილებს.

ვმალავ თმებში შემოპარულ
ჯერ ნაადრევ ენძელებს,
მზეო, შენ თუ მიერთგულებ
ცისკარს გამიდღეგრძელებ.

წვიმის პროზას და სიცივეს
ვერსად ვერარ წაუველ,
მზეო, შენ თუ გამიცინებ –
გამიდღესასწაულებ.




მწარე სადღეგრძელო

თუ შეიძლება მომეცით სიტყვა, -
შემოგთავაზებთ ერთ სადღეგრძელოს.
ეს გაუმარჯოს სიყვარულის უდღეურ ნაყოფს,
დაუბადებლად გარდაცვლილ ბავშვებს.

მე ვადღეგრძელებ ბავშვებს, რომლებსაც
ჰქონდათ ფრთები და დაბრუნდნენ ღმერთთან,
ან, უფრო სწორად, ჩიტებივით ხელის აქნევით
შევაშინეთ და გავრეკეთ ცაში.

რძის ერთი წვეთიც არ გავიმეტეთ
თუმცა ძუძუში რძე დუღდა მაშინ.
დაუბრუნებელ, მზედაწყევლილ გზაზე წასულებს
საგზლად სახელიც არ გავატანეთ.

ჩვენ არც კი ვეჭვობთ რომ მკვლელები ვართ
და მზეს თამამად ვუსწორებთ თვალებს,
მზე კი წვიმაში ცისარტყელას გვირგვინებს წნავს და
იმ გვირგვინებით ჩვენს შვილებს ამკობს.

ვინ იცის რისთვის ძერწავდა ღმერთი,
რა სიმაღლეზე უნდა ეფრინათ,
ვინ იცის ვისი საშინელი ცოდვა გვაქვს კისრად
და მძიმე ცოდვა დაგვაქვს თილისმად.

სიკეთე ჰქმენ და ქვაზე დადევი...
ბოროტებასაც ვტოვებტ გზებზე და
იგი მზებნელი და ყველასგან მიტოვებული
ოდესმე სადმე შემოგვეყრება...

ჩვენ კი ვწუწუნებტ ყოველ ცისმარე:
ო, ღმერთო ჩემო, რა დავაშავე,
ჭიანჭველაც კი უმიზეზოდ არ დამიჩაგრავს,
ბალახიც კი არ გამითელავსო...

თუ გაზაფხულზე მოულოდნელად
ქუჩაში თქეში წამოგვეწევა –
ჩვენი შვილები უდედურად ტირიან ცაში
უსიყვარულოდ დარჩენილები...

ღამით აგვისტოს ცა თუ გინახავთ
აყვავებული ცის ვარსკვლავებით,
ის მოციმციმე ვარსკვლავები ჩვენი შვილების
გამკრთალი ძილის ყვავილებია.

უიავნანოდ და უალერსოდ
ვერ იძინებენ ცაშიც ბავშვები
და უკუნეთში ვარსკვლავებად ქცეულ თვალებით
ჩვენს უდარდელ ძილს უთვალთვალებენ.

ზოგჯერ მოსწყდება ცას რომელიმე
(ცაშიც ძნელია თურმე ლოდინი),
მათ ესიზმრებათ მოალერსე ჩვენი ხელები
და აქ მოსვლამდე იფერფლებიან.

ზოგჯერ ჩვენ ავი სიზმარი გვიკბენს
და მიზეზს ვეძებთ ისევ უაზროდ,
ჩვენ დაგვავიწყდა ან არც ვიცით, რომ მკვლელები ვართ
და რომ ოდესმე გაგვიხსენებენ...

თუ შეიძლება მომეცით სიტყვა,
ერთ სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ:
ეს გაუმარჯოს სიყვარულის ცოდვიან ნაყოფს –
დაუბადებლად გარდაცვლილ ბავშვებს.




მაწანწალა ძაღლის ბალადა
(ვუძღვნი ჯიშიან ძაღლებს)

მაწანწალაა ეს ძაღლი ახლა
და ცხოვრობს, როგორც ძაღლის წესია-
ნაგვის ბუნკერში დაეძებს სახრავს
რა უმიზეზოდ ქვასაც ესვრიან.

მაწანწალაა ეს ძაღლი ახლა,
თუმც ცრემლიანი თვალები ამხელს,
რომ ვერ მოერგო ცხოვრებას ახალს
და გამვლელებსაც არიდებს სახეს.

მაწანწალაა ეს ძაღლი ახლა,
ქარი და წვიმა უბურღავს კეფას,
ოცნება გახრულ ძვალივით მარხა
და სწავლობს ქუჩურ ღრენას და ყეფას.

მაწანწალაა ეს ძაღლი ახლა,
ალერსით არვინ ეძახის სახელს,
ღირსების ზღვარი ვერ გადალახა,
თუმცა შიმშილი სულ უგებს მახეს.

გაირინდება სულ ერთი წამით
ჯიშის ძაზილი თუ მიაყუჩა,
ის დაწანწალებს წვიმიან ღამით
იშვილა დედინაცვალმა ქუჩამ.

მაწანწალაა ეს ძაღლი ახლა,
დაედევნება ნაცრისფერ პალტოს,
ხელში შერჩება უგულო ახვარს,
ასე რომ ჰგავდა გარდაცვლილ პატრონს...

მაწანწალაა ეს ძაღლი ახლა
ცხოვრობს ძაღლურად , როგორც წესია:
ნაგვის ბუნკერში დაეძებს სახრავს
რა უმიზეზოდ ქვასაც ესვრიან.




ორი ტრიოლეტი

1.დღე

ნაზია დილა ვარდისფერი,მტრედისფეხება,
ცის კაბადოკზე მოაგორებს ღრუბელს აისი,
ცრემლებად აქცევს მზის თამაში ხელის შეხება,
ნაზია დილა ვარდისფერი,მტრედისფეხება,
შეახო ფუნჯი და სამყარო მწვანედ შეღება,
აყვავდა ნისლი როგორც ნელი ედელვაისი,
ნაზია დილა ვარდისფერი,მტრედისფეხება,
ცის კაბადოკზე მოაგორებს ღრუბელს აისი.


2.ღამე

გრძელია ღამე ვნებიანი, როგორც ბოლერო,
ელვარებს მთვარის თეთრი ოლარი,
აისის სხივი მთვარეს დაჭრის, როგორც ტორერო,
გრძელია ღამე ვნებიანი, როგორც ბოლერო,
წყალზე ტივტივებს ლოტოსივით თეთრი ბორანი,
მისდევს ფეხდაფეხ სევდიანი ქარის ქორალი...
გრძელია ღამე ვნებიანი, როგორც ბოლერო,
ელვარებს მთვარის თეთრი ოლარი.




გოდერძი ჩოხელი
,,ზურგით თითქოს საკუთარი გვამი დამაქვს”, –
მითხრა ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილმა გოდერძიმ.

ქურგით თითქოს საკუთარი
გვამი დამაქვს, დაო,
და არ ვიცი ვილოცო თუ
სატანას ვედაო,
ბედისწერამ გამიმეტა,
გამითამამდაო,
აღარც ხევისბერი ვარ და
აღარც თამადაო,
აღარც ჯანმრთელად არა ვარ,
აღარც ავადაო,
დრომ დამსუსხა, ჭინჭარი არ
გამიხავერდაო...
ისე, შენი დანახვა კი
გამიხარდა, დაო...





შემოდგომის ბაღი

შემოდგომის ბილიკზე
ხომ არ დამემგზავრევით?
გავაღვიძოთ დილის მზე
ბროწეულის ზარებით.
აყლაყუდა ალვების
ალერსს ვერ გავუძელი,
ხეზე აცოცებული
გამომყურებს ყურძენი.
ვინც მოხვდება ამ ბაღში
სურვილს ვერ დაიოკებს,
ტუჩზე თაფლი აცხიათ
მწიფე კარალიოკებს.
მთვარეც გამობრძანდება
თავის ოქროს ქოშებით,
ხეზე კონწიალობენ
მთვარის ხელა კომშები,
გავაღვიძოთ დილის მზე
ბროწეულის ზარებით,
შემოდგომის ბილიკზე
ხომ არდამემგზავრებით?!




ჟაკლინი
თბილისში, პიკასოს ნახატების გამოფენაზე,
მხატვრის მეუღლის ჟაკლინის უამრავი
პორტრეტი იყო გამოფენილი.

კედლები სავსეა ჟაკლინით:
ჟაკლინი ქუდით და
ჟაკლინი უქუდოდ,
ჟაკლინი ცალთვალა
და სამი ქუთუთუ,
ჟაკლინი ყვავილებით,
ჟაკლინი ფრეგატივით,
ჟაკლინი აბსტრაქტული,
ჟაკლინი ნეგატივი...
ამ კედლებს ახლახან
ათბობდა ფიროსმანი,
სად პიკოს კუბიკები!..
სად ნიკოს მიმოსმანი!..
ამედნ ჟაკლინების
აღლუმს, მაგალითად,
ვითომ, არ ჯობია
ერთი მარგარიტა?!.




ღვთისმშობლისადმი
(პიეტა)

ყველაზე ბედნიერი
და ყველაზე უბედური ხარ:
კალთაში გიწევს
წამებული შვილის სხეული,
და იცრემლება
შავი ღრუბლით თავშეხვეული,
კალთაში გიწევს
წამებული შვილის სხეული,
მთელი სამყაროს
ცოდვებისგან მხსნელის დედა ხარ,
მაგრამ ქალი ხარ
უბედური, კენტი, ეული,
კალთაში გიწევს
წამებული შვილის სხეული,
ჯვარზე გაკრული
და სიკვდილით ვერდაძლეული!..



მზის კორიდა

მზეო, ეს ჟამი უჟამური არის კორიდა,
თავგანწირული ბოლთისცემით სისხლად იცვლები,
რა მშვენიერი რა მსუბუქი ჩანხარ შორიდან,
ერისიონზე ცის ტატნობს რომ ელაციცები.
ვფურცლავ კალენდარს, მზეებით და წვიმით დაკაწრულს,
შენ, ერთადერთი ამოხვალ და ჩახვალ უცვლელი
და როცა ქარი გამაცილებს მიწით დაქანცულს,
ჩემგან დამრჩება მზით გამთბარი ესე ფურცელი.

დრო

დრომ ფოთლივით მომწყვიტა
და ქარში დამაბზრიალა,
ფერ-ოქრო გამომიხუნა,
ხორცადაც დამაზიანა,
არც ჯოჯოხეთში გამიშვა,
არც ედემს არ მაზიარა,
ათასჯერ დამაღამა და
ათასჯერ ამამზიანა.




მარილიანი სიზმარი

მესიზმრა: ზღვამდე ვიყავი, ვირუჯებოდი მზეზე,
მებუტებოდა მზე ხშირად, ბავშვივით უმიზეზოდ,
ღრუბლით მოფენილ ზეცაზე იწყებდა სხივი ფათურს,
წვიმა დარბოდა კენჭებზე, შვენოდა წვიმა ბათუმს.
მესიზმრა: მარტო ვიყავი, შენ არა მყავდი გვერდით,
მოსატაცებლად დამდევდა, თეთრი, ბოროტი გედი,
მიკვირდა, როგორ აღმოვჩნდი ამ უდაბნოში მარტო
და შენ მაგიერ ეს ტალღა მეფერებოდა რატომ...
გამომეღვიძა: შენთან ვარ, დაწყდა სიზმრების ბადე,
ჩემს ბუდეში ვარ, სახლში ვარ, ხელახლა დავიბადე,
მაგრამ საიდან ტუჩებზე მლაშე მარილის გემო?!.
აუხდენელო სიზმარო, როდემდე უნდა მგვემო!..




იავნანა დედას

დაიძინე მშვიდად, დედა,
ნანა, დედა, ნანინა,
მე მზეზე ვარ, შენ კი პირი
მთვარემ დაგაბანინა.

უკვე ჩემზე უმცროსი ხარ,
ყელს ამიტომ იღერებ,
შენ ისმინე, იავნანას,
ახლა შვილი გიმღერებს:

ჩემო თბილო, ჩემო ტკბილო,
შენ ჩემო პაწაწინა,
მაგ აკვანში, ცივ აკვანში,
რა ხელმა ჩაგაწვინა,

ალბათ გსურდა აქ, მიწაზე,
მუდამ შენ დაგერწიე,
მაგრამ ხედავ, დრო გაჩერდა,
მეც, უცებ დაგეწიე.

დაიძინე მშვიდად, დედა,
ნანა, დედა, ნანინა,
მე მზეზე ვარ, შენ კი პირი
მთვარემ დაგაბანინა.

უკვე შენზე უფროსი ვარ,
შენ კი დაპატარავდი,
ბლის მურაბებს მე კი არა,
იქნებ შენ იპარავდი,

შენ თხუპნიდი ლურჯი მელნით
,,სუფთა წერის” რვეულებს,
მე კი ფრთხილად გიკემსავდი
წინდება გამორღვეულებს,

მერე ისე გამეპარე,
ბავშვებმა რომ იციან,
უშენობამ სული, გული,
სახლი გამომიცია...

მენატრები, ამიტომაც
ამიტირდა ნანინა,
მე მზეზე ვარ, შენ კი პირი
მთვარემ დაგაბანინა.





რუსეთ საართველოს ომის ქრონიკები
(აგვისტო, 2008 წ.)
სიმბოლურია, რომ ეს ლექსები 2008 წლის 10 აგვისტოდან იერებოდა ქვიშხეთში, სწორედ რუსეთში ტრაგიკულად დაღუპულ, დიმიტრ ყიფიანისგან ქართველი მწერლებისთვის დატოვებულ მიწაზე, ქართველ მწერალთა ლიტერატურული ფონდის დასასვენებელ სახლში, სადაც, მიუხედავად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებისა, ყოველ წელს 50-მდე ადამიანი ისვენებს... წელს ისეთივე დიდ განსაცდელში აღმოჩნდნენ იქ ჩასული მწერლები, როგორც მთელი საქართველო...
გრაკალის ხიდის აფეთქების შემდეგ ვეღარც თბილისში ბრუნდებოდნენ, იქ კი ლამის თვალებში უყურებდნენ რუს პილოტებს, რომლებიც ქვიშხეთზე გადაფრენის შემდეგ ყოველდღე ყრიდნენ ბომბებს ქართულ მიწაზე. ამ ბომბების „აკომპანიმენტის ‘‘ ქვეშ იწერებოდა ლექსები.
შარლოტა კვანტალიანი



ვედრება
ღვთისმშობლისადმი
(უნეტარესსა და უწმნდესს ილია II -ს)

კიდევ ერთხელ დაგვაფარე,
ღვთისმშობელო, კალთა,
ძველი მტერი, ძნელი მტერი
გვიდგას სახლის კართან,
უნდა ისევ დაგვაჩოქოს,
გვებატონოს ისევ
და უღელი მოაზომოს
ამ ჩვენ ამაყ კისერს.

ორასი წლის დედინაცვალს
„მოენატრა" გერი,
და სისინებს შხამიანი,
საზარელი გველი.
ჩვენს ედემში გადათელა
ვარდები და ია,
ცხელი ტყვიით ცისფერ მტრედებს
თბილისამდე სდია .

დააღირა ისევ თათი
თაფლით სავსე მიწას,
დააბოტებს როგორც დათვი,
გვიამბობს და გვიწვავს,
მაგრამ ვეღარ დააჩოქებს
ერს, ღვთისაგან რჩეულს,
ჭირსა შიგან გამაგრებულს,
თავგანწირვას ჩვეულს ...

დაგვაფარე, ღვთისმშობელო,
შენი წმინდა კალთა,
მშვიდობის მზე ააბრწყინე
ჩვენი სახლის კართან.

10.08.08


ქართული მხედრული
(სამშობლოსთვის თავდადებულებს)

ჩემო სალოცავო, შენი მიწა
ჩემთვის უწმინდესი მირონია,
ქართველად ყოფნა ძნელი არის,
ქართლისთვის სიკვდილი იოლია.

მე ის მხედარი ვარ, უშიშარი,
უკვე ათასჯერ რომ მიომია,
შენი სიცოცხლისთვის თავგანწირვა
სიმღერასავით იოლია.

დღესასწაული ხარ სევდიანი,
ჩემი ცრემლს გუბე იორია,
შენთან განშორება ძნელი არის,
შენს მკერდს ჩახუტება იოლია...

14.08.08



 
გვერდები : 1 2 3 4 5 6
ბიოგრაფია
ფოტო

ვიდეო
ამღერებული ლექსები

ბმულები


ავტორები